რადგან გრძელდება დებატები იმ იდეებისა და ხედვების თაობაზე, თუ როგორ შეიძლება და უნდა გამოიყურებოდეს პოსტპანდემიური სამყარო, დროა, მწვანეებმა შექმნან გლობალური მწვანე პოლიტიკის პრეცედენტი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოების, საერთაშორისო განვითარებისა და მდგრადობის შესახებ თანამედროვე შეხედულებების რეალურ ალტერნატივას შემოგვთავაზებს.

მწვანე პოლიტიკა მრავალი თვალსაზრისით ყოველთვის გლობალური იყო. ისტორიულად მწვანეები ყოველთვის ზრუნავდნენ გლობალური მშვიდობის, გენდერული სამართლიანობისა და მდგრადობის საკითხებზე. მაგრამ მაინც არსებობს ერთგვარი ანომალია. აკადემიურმა სფერომ, რომელიც გლობალურ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს შეისწავლის, უგულებელყო არამხოლოდ მწვანე პოლიტიკის შეხედულებები ამ დარგის ძირითადი პრობლემების თაობაზე (უსაფრთხოება, ეკონომიკა და გლობალური მმართველობა), არამედ მისი წვლილიც სახელმწიფოს, საერთაშორისო განვითარებისა და, რა თქმა უნდა, მდგრადობის შესახებ ჩამოყალიბებულ მოსაზრებებში. ეს უყურადღებობა არ წარმოადგენს მხოლოდ აკადემიურ საკითხს, ის ირიბ გავლენას ახდენს გლობალური პოლიტიკის რეალურ პრაქტიკაზე. გლობალურმა გარემოსდაცვითმა პოლიტიკამ დიდი ყურადღება მიიქცია საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში, მაგრამ მისი უფრო რადიკალური ტყუპისცალი – მწვანე პოლიტიკა, უგულებელყოფილ იქნა.

განსხვავება ამ ორს შორის იმ სხვაობაზე დადის, რომელიც „გარემოს დაცვასა“ და „ეკოლოგიზმს“ შორის არსებობს. პირველი გარემოს დაზიანების სიმპტომების გადასაჭრელად დომინანტურ პარადიგმებში მუშაობას ეხება. ეკოლოგიზმი კი – დღევანდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებში გარემოს განადგურების ძირეულ მიზეზებს. როგორც ენდრიუ დობსონი „მწვანე პოლიტიკურ თეორიაში” აღნიშნავს, ერთ საკითხზე კონცენტრირებული გარემოსდაცვითი კამპანია „მკურნალობს სიმპტომებს“, ხოლო მწვანე პოლიტიკა – თავად „გამომწვევ მიზეზებს“.

ასევე, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მწვანე მოაზროვნეებმა ვერ მოახერხეს, რომ ნათლად ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდეები საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო სისტემაზე ზეგავლენის სავარაუდო შედეგები. როგორც ლაფერიერი და სტოე წერდნენ ოცი წლის წინ, ზოგადად ითვლება, რომ სათანადო ეკოლოგიური საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, „გლობალური პოლიტიკური სისტემა თავისთავად მოწესრიგდება“. „სუვერენიტეტი, ტერიტორიულობა, სახელმწიფოთაშორისი კონკურენცია: ვესტფალიის წესრიგის ყველა ეს ნაშთი უბრალოდ თანდათანობით გაქრება ან დაიკავებს შესაფერის ადგილს“ მდგრადობის, არაიერარქიული საზოგადოებების, დეცენტრალიზაციისა და მონაწილეობითი დემოკრატიის ახალი მმართველი პრინციპების გვერდით. ეს კრიტიკა დღესაც ძალაში რჩება.

შესაძლებელია სხვანაირი პოლიტიკაც

მიუხედავად ამისა, გლობალური მწვანე პოლიტიკის განხორციელებაც შესაძლებელია. როგორც აღვნიშნე ჩემს წიგნში „გლობალური მწვანე პოლიტიკა“, მწვანე პოლიტიკური ნააზრევი შეიძლება გამოვიყენოთ დღესდღეობით ყველაზე მწვავე გლობალური პრობლემების კრიტიკის, ალტერნატიული ხედვებისა და სტრატეგიების განსახილველად, იქნება ეს უთანასწორობა და მზარდი კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება თუ ბიომრავალფეროვნების დაკარგვა. მწვანე პოლიტიკის თეორია და პრაქტიკა გლობალური პოლიტიკის სფეროს სთავაზობს მართებულ კრიტიკას, ნორმატიულ ხედვებს და კონკრეტულ სტრატეგიებს თუმცა, მათ აქტიურად უგულებელყოფენ.

ძირითადი მიდგომები საერთაშორისო ურთიერთიერთობების დისციპლინის ისევე, როგორც მისი პრაქტიკის თაობაზე, განიხილავენ კაპიტალიზმს (ან ინდუსტრიალიზმს) და მილიტარიზმს ისე, როგორც მოცემულობას და იშვიათად ითვალისწინებენ ყველანაირი სიცოცხლის ეკოლოგიურ საფუძველს. შედეგად, საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო პოლიტიკის ამოსავალ დებულებებს წარმოადგენს უსასრულო ზრდა, მილიტარიზმის მეშვეობით მშვიდობის დამყარება და ელიტური პოლიტიკის პატივისცემა. ითვლება, რომ მდგრადი საზოგადოების წინაპირობები არის სტაბილურობა, წესრიგი და მშვიდობა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო პოლიტიკის საყოველთაოდ აღიარებული კონცეფციები ამ მიზნების მიღწევას სახელმწიფო მილიტარიზმის მეშვეობით ცდილობენ. ეკოლოგიური თვალსაზრისით, მოსაზრება, რომ ასეთი „რეალისტური“ სტრატეგიები უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას, ილუზორულია. მშვიდობა და მდგრადობა ამჟამინდელ გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში, სავარაუდოდ, შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს. მწვანეების მრავალი წარმომადგენლისთვის ეკოლოგიური წესრიგი, რომელიც დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს, წარმოადგენს მეტაწესრიგს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოების საერთაშორისო სისტემა და სხვა აქტორები მხოლოდ ერთ კომპონენტს წარმოადგენენ. როგორც სტატიის – „პლანეტარული პოლიტიკა: მანიფესტი საერთაშორისო ურთიერთობების დასალიერიდან“ ავტორები მიიჩნევენ, საერთაშორისო ურთიერთობები „გაუქმებულია პლანეტის რეალობის მიერ”.

არ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც ეკოლოგიურ პრობლემებს არ მოიცავს ან ეკოლოგიის ფარგლებს გარეთ არსებობს. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, ომები და ვაჭრობა სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ კონკრეტული სოციო-ეკოლოგიური პირობების გამო, რომლებიც მათი განხორციელების შესაძლებლობას განსაზღვრავენ. არ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობა, არც სახელმწიფოთაშორისი სისტემა, ომი, ვაჭრობა და ინვესტიციების ნაკადები, რომლებიც არ არის დაფუძნებული, არ ერწყმის და არ არღვევს იმ ეკოლოგიებს, რომელზეც არიან დამოკიდებულნი. ეკოლოგია, ძალიან ღრმა და ძირითადი გაგებით, ადგენს შესაძლებლის საზღვრებს. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის შედეგები და მნიშვნელობა (რამდენადაც ეს აპრიორული ფაქტია) კეთილდღეობის, უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, რომ აღარაფერი ვთქვათ მდგრადობაზე, თეორიასა და პრაქტიკაში სისტემატურად უგულებელყოფილია.

ახალი სტრატეგიებისა და პოლიტიკის პარალელურად, საჭიროა უფრო თამამი ალტერნატიული ხედვები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში, შედარებით ძველ ტრადიციებს ემყარება. დღევანდელ გლობალურ პოლიტიკასთან გასამკლავებლად განვითარებულ და უფრო ნათლად ჩამოყალიბებულ მწვანე პოლიტიკას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი.

გლობალური პოლიტიკის მწვანე ხედვა

კლიმატის ცვლილებისა და ახლა პანდემიის გამო იზრდება ეკონომიკაზე მწვანე აზროვნების გავლენა, მიმართულების როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში. როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოლიტიკაში საყოველთაოდ აღიარებული იდეებიდან დაშორებამ, ბოლო წლების მანძილზე განაპირობა განსაკუთრებული ყურადღების კონცენტრირება ზრდის შემცირებაზე, ზრდის შემდგომ განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრდის გარეშე, მაგრამ მათი მიღწევის სტრატეგიებზე ფიქრი ხშირად არ იყო საფუძვლიანი და სიღრმისეული. ცხადია, რომ გვჭირდება „სამართლიანი გადასვლა” ზრდის შემდგომ განვითარებაზე ეკონომიკის ხელახალი დაბალანსებისა და დანერგვის გზით, სასარგებლო წარმოების სოციალური მხარდაჭერითა და ფინანსების საერთო სიკეთეებზე მიმართვით. გლობალური პანდემიის მოულოდნელი და დამანგრეველი შოკის საპირისპიროდ, ცვლილებები გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს: მაგალითად, იმ სექტორების მიზანმიმართული ვარდნა, რომლებიც არ შეესაბამება პარიზის შეთანხმების მიზნებს და იმ სექტორების გაძლიერებული მხარდაჭერა, რომლებიც მწვანე ეკონომიკაში წამყვან როლს შეასრულებენ.

ამჟამინდელმა კრიზისმა ნათელყო რაოდენობაზე კონცენტრირებული ეკონომიკიდან ისეთ ეკონომიკაზე გადასვლის საჭიროება, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, და ეკონომიკური ცხოვრების პრიორიტეტების ხელახალი განსაზღვრის შესაძლებლობა მოგცვა. ბოლო თვეების განმავლობაში ზრდასთან შედარებით კეთილდღეობის ნებისმიერ ფასად მიღწევის პრიორიტეტულობამ საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო და საგანგებო ინდუსტრიული გარდაქმნა შესაძლებელია გავრცელდეს უფრო ფართო მიზნების მისაღწევად, სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურის ახალი ინვესტიციების განხორციელებით, შემოთავაზებული „მწვანე ახალი კურსის“ შესაბამისად. ამას საფუძვლად უნდა დაედოს დაცული და ღირსეულად ანაზღაურებადი სამუშაო და გამიზნულად გაემიჯნოს სამუშაო ძალის კაზუალიზაციას1 და პრეკარიულ კონტრაქტებს საზოგადოების უღარიბესი ფენისათვის. ამაში მონაწილეობის მიღება მოუწევთ კოოპერატივებს, სოციალურ საწარმოებს, სასარგებლო კორპორაციებსა (B-corps) და არატრადიციულ ბიზნეს მოდელებს, რომლებიც კეთილდღეობას მოკლევადიანი მოგების მაქსიმიზაციაზე მაღლა აყენებენ.

მწვანეები, თავიანთ ფემინისტურ ფესვებზე დაყრდნობით, ზრუნვის ეკონომიკისა და აუნაზღაურებელი შრომის კრიტიკულ მნიშვნელობასაც უსვამენ ხაზს. ამჟამინდელმა კრიზისმა ურთიერთდახმარების ჯგუფების ზრდასთან ერთად, ოჯახებსა და თემებში, ისევე, როგორც ფორმალურ ეკონომიკაში, ზრუნვის ეკონომიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული მუშაკებისა და წინა ხაზზე („ფრონტლაინ“) მომსახურების მიმწოდებლების შრომა გადააფასა, როგორებიც არიან, მაგალითად, მასწავლებლები. სწორედ მკაცრად გენდერირებული ზრუნვის ეკონომიკა ინარჩუნებს ფორმალურ ეკონომიკას. არაერთი მწვანე აქტივისტი ათწლეულების მანძილზე ზუსტად ამ ფაქტის მნიშვნელობის აღსანიშნავად „საყოველთაო საბაზისო შემოსავლის“ გეგმას უჭერდა მხარს.

მაგრამ საერთაშორისო სისტემამ მწვანე აზროვნების აქტუალობა მსგავსად არ აღიარა. გლობალიზებული კაპიტალისტური ეკონომიკის მწვანე კრიტიკა, რომელიც გლობალური მიწოდების ქსელს მყიფედ და არასაიმედოდ მიიჩნევს, პანდემიის შემდგომ ორიენტაციის შეცვლაში დაგვეხმარება. გლობალური მიწოდების ქსელებმა, რომლებიც „ზუსტად დროში“ (JIT)2 წარმოების მოდელზეა დაფუძნებული, თავიანთ ზღვარს მიაღწიეს. ეს მოდელი დაუცველია მთელი რიგი რღვევებისგან (პანდემია, ეკონომიკური შოკი, გარემოზე ზემოქმედება). ამ თვალსაზრისით, მწვანეები დიდი ხანია მხარს უჭერენ ლოკალიზაციას, რომელიც ახლა სწრაფი ტემპით ვითარდება, რადგან მწარმოებლები და მომხმარებლები ცდილობენ მიწოდების მოშლილ ქსელებს მოერგონ. სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება ადგილობრივი მიწოდების ქსელების აღდგენის მცდელობები, როგორც საკვებისთვის, აგრეთვე აუცილებელი მედიკამენტებისათვის, როგორებიცაა პარაცეტამოლი და ანტიბიოტიკები, რადგან ევროპული ქვეყნები ცდილობენ ინდოეთისა და ჩინეთის წარმოებაზე ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ავტონომიაზე და თვითკმარობაზე მეტი აქცენტის დასმამ შესაძლოა ხელი შეუწყოს იმის გადახედვას, თუ რა პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი საერთაშორისო ვაჭრობით და რისი მიწოდება შეიძლება ადგილობრივად, არამარტო მდგრადობის გასაზრდელად, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის წასახალისებლად და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.

მწვანეთა იდეები გლობალური მმართველობის ჩვენი სისტემის ხელახალი დაგეგმვის აუცილებლობლობას უსვამს ხაზს. ისინი სცდებიან გლობალური ეკონომიკური ინსტიტუტების კრიტიკას, როგორებიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი და აქცენტს აკეთებენ გლობალური მმართველობის ეკოლოგიიზაციისა და დემოკრატიზაციის აუცილებლობაზე, საერთაშორისო სამართლის შინაარსისა და ძირითადი გლობალური ორგანოების მანდატების გადახედვის მეშვეობით. ამასთანავე, პროცედურული თვალსაზრისითაც, იმგვარად, რომ კაცობრიობის მომავლის განსაზღვრაში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ისეთმა აქტორებმა, როგორებიც არიან ახალგაზრდული ორგანიზაციები, გარემოს დამცველები და მკვიდრი მოსახლეობა. ასევე, უნდა მოხდეს ზოგიერთი უფლებამოსილების დეცენტრალიზაცია, პროგრესული რეგიონალიზმის ფორმების გაძლიერება და უფრო წამყვანი როლის მინიჭება ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირის „რეგიონული კომიტეტი“. შესაბამისი დონის გადაწყვეტილების მიღების პროცესის სახელმძღვანელოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას მწვანეების მიერ მხარდაჭერილი სუბსიდიარულობის პრინციპები.

საერთაშორისო განვითარებასთან დაკავშირებით, მწვანეები კრიტიკულად უდგებიან დოვლათის დაგროვების ექსტრაქტივისტულ, ექსპორტით განპირობებულ, გლობალიზებულ მოდელებს, რომელთაც გლობალური სამხრეთის ქვეყნებს დახმარებისა და უთანასწორო სავაჭრო გარიგებების მეშვეობით, სხვათა შორის, ევროკავშირიც ახვევს თავს. მწვანე საერთაშორისო განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ხელახალ ქომონინგს”3 და მსოფლიოში უღარიბესი და ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საარსებო წყაროს დაცვას სახელმწიფოებისა და კორპორაციების შემოტევებისგან. ეს საშუალებას მისცემს მთავრობებს უფრო ავტონომიურად აირჩიონ საკუთარი განვითარების გზები, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე, მაგრამ ეკოლოგიური შეზღუდვების დაცვით.

სხვადასხვა ასპარეზზე არსებული გლობალური პოლიტიკის შეცვლის არაერთი იდეა პრაქტიკაში ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მილიტარიზმის შესუსტება და იარაღით ვაჭრობის რეგულირება შეამცირებს კონფლიქტებს, სიღარიბისა და დაუცველობის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ საშუალებას მსოფლიოში. ანალოგიურად, უფრო ლოკალიზებულ ეკონომიკაზე გადასვლა შედარებით ღარიბ ქვეყნებს, რომელთა დოვლათის გადინებაც ხდება, დაეხმარება, რომ გაწყვიტონ ექსპლუატაციური მიწოდების ქსელებთან ურთიერთობა.

კორონავირუსმა, ასევე, უხერხული შეკითხვები წარმოშვა მსოფლიოს მთავრობების წინაშე: რა უნდა იყოს დაცული? და ვისთვის? ზოგიერთი მთავრობა, აყენებს რა საკუთარ მოქალაქეებს დიდი რისკის ქვეშ, ცდილობს გადადოს პასუხის გაცემა ამ კითხვებზე, განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობს კვლავ დაუბრუნდეს ბიზნესის ჩვეულ გეგმას და უპირატესობას ანიჭებს არა მოქალაქეთა კეთილდღეობას, არამედ ზრდას. გაჭირვებული და მოწყვლადი მოქალაქეები – მოხუცები, ავადმყოფები, მიგრანტი მშრომელები, რომლებიც საკუთარი საცხოვრებლებისგან შორს იმყოფებიან და ისინი, ვისაც არასაიმედო სამსახურები აქვთ – ასე თუ ისე, ამ სტრატეგიის მსხვერპლებს წარმოადგენენ.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა არამხოლოდ ადამიანთა უსაფრთხოებას მივუდგეთ უფრო სერიოზულად, არამედ უნდა გადაიხედოს ის საკითხიც, თუ რა საფრთხე ემუქრება ჩვენს საერთო კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების საყოველთაოდ აღიარებული მიდგომა მიანიშნებს ტერორიზმსა და ერი-სახელმწიფოების წინააღმდეგ წამოწყებულ ომზე, მწვანე პერსპექტივა მიუთითებს სიღარიბეზე, ჯანმრთელობის პრობლემებზე, ძალადობაზე, დაუცველობასა და გარემოს განადგურებაზე. უსაფრთხოება უკავშირდება ხალხის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკუთარი თავი საკვებით, წყალითა და ენერგიით, რაც ეფუძნება სუვერენულობის ალტერნატიულ ცნებას, რომელიც ტერიტორიულ საზღვარებზე მეტად, საარსებო საშუალებების კონტროლს ეხება.

იმის ნაცვლად, რომ კრიზისზე რეაგირება მოახდინოს, მწვანე პოლიტიკა მიზნად ისახავს ძალადობისა და დაუცველობის სოციალური და ინსტიტუციური ფესვების ძიებას, როგორებიცაა მილიტარიზმი და ექსტრაქტივიზმი. მწვანე პოლიტიკა აკრიტიკებს მილიტარიზმისთვის გამოყოფილი რესურსების მასშტაბებს – გლობალურად, იარაღის შეძენაზე დახარჯული თანხა წელიწადში დაახლოებით 1.7 ტრილიონ დოლარს უტოლდება – და აყენებს წინადადებებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ამ თანხების გადანაწილება.

გლობალური მწვანე პოლიტიკისკენ

ამბობენ, რომ მიბაძვა პირფერობის უმაღლესი ფორმაა. ამ შემთხვევაში, მწვანეები კმაყოფილნი უნდა იყვენენ იმით, რომ მათ არაერთ იდეას (მშპ-ს ალტერნატივის, უფრო მოკლე სამუშაო კვირების, რეგიონული მთავრობებისა და მოქალაქეთა საკრებულოების საშუალებით დემოკრატიის გაღრმავების თაობაზე, „მწვანე ახალი კურსი“ ეკონომიკის დეკარბონიზაციაზე (ნახშირბადის შემცირებაზე) მოსარგებად და ა.შ. ახლა რეგულარულად განიხილავენ და მხარს უჭერენ ევროპის სხვა პოლიტიკური პარტიები. კიდევ უფრო რადიკალური და ამბიციური იდეები, როგორებიცაა „უნივერსალური საბაზისო შემოსავალი“ და ინდუსტრიული გარდაქმნის საჭიროება, ყურადღების ცენტრში ექცევა კორონავირუსზე რეაგირების გონივრული შეთავაზების სახით.

ეს არის საწყისი პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც მწვანეთა ხედვები დღევანდელ პოლიტიკას უნდა დაუკავშირდეს. ეს იდეები ახლა გლობალურ პოლიტიკაზე უნდა გავრცელდეს, რათა მეტოქეობა გაუწიონ ისეთი გლობალური ინსტიტუტების მანდატებსა და სტრატეგიებს, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და რეაქციული ლიდერების იზოლაციური, მილიტარისტული სტრატეგიები მთელს მსოფლიოში. ამის ნაცვლად, ეს იდეები ემყარება სტაბილურ და მდგრად ეკონომიკას; ისინი შრომასა და კეთილდღეობას, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის განახლებულ მცდელობებს გლობალური უსაფრთხოების მიზეზების აღმოსაფხვრელად და ჯანმრთელობისა და გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხეებისთვის კრიტიკულად საჭირო რესურსების გამოთავისუფლებას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ასევე მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად გარემოსდაცვითი მმართველობის სტრუქტურის განმტკიცებას, რომლის ზეგავლენაც ამჟამინდელი პანდემიის გავლენასაც კი დაჩრდილავს. ერთ-ერთი შეთავაზება, რომელმაც მხარდაჭერა მოიპოვა ბოლო პერიოდში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ირლანდიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა – მერი რობინსონმა, წარადგინა – „წიაღისეული საწვავის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება”, რომელიც წიაღისეული საწვავის დიდი ნაწილის კანონიერი გზით მიწაში დატოვებას ითვალისწინებს. ამჟამად პარიზის შეთანხმებაში წიაღისეული საწვავი საერთოდ არ არის ნახსენები.

მაგრამ გაცილებით მეტი წინსვლაა საჭირო. იმედგაცრუებულნი საარჩევნო სისტემებით, რომლებიც სჯიან მცირე პარტიებს და მოქმედებენ გაზრდილი პოპულიზმის, მემარჯვენე ექსტრემიზმისა და საერთაშორისო დაძაბულობის დროს, მწვანე იდეები შემდგომი მხარდაჭერის მოსაპოვებლად დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. მწვანეები ხშირად გვიჩვენებენ სწორ მიმართულებას ამბობენ რა იმას, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, ეფუძნება პრინციპულ პოლიტიკას და სიმართლეს მომავლის შესახებ. ეს პოზიცია არ მოსწონთ სახელმწიფო ელიტებსა და კორპორაციებს, რომლებიც სარგებელს ნახულობენ არამდგრად განვითარებასა და მწვანე ზრდისა და ტექნოლოგიური დილემების შესახებ არსებული მითების გავრცელების გზით.

კრიტიკულად აუცილებელია დაკავშირება პოტენციურ მოკავშირეებთან და მწვანე იდეების მომხრეებთან (მათ შორის) პროფკავშირებთან და სოციალურ მოძრაობებთან, რომლებიც მუშაობენ საბინაო და მიწის პოლიტიკაზე, გენდერის საკითხებზე, მკვიდრი მოსახლეობისა და ფერმერების პრობლემებზე. „მტკიცებულებებზე დაფუძნებული იმედი“, რომელსაც ადგილობრივი მისაბაძი მოვლენები გვაწვდიან, მწვანე პოლიტიკური პარტიების ბოლოდროინდელი მოქმედება და ახალგაზრდა აქტივისტების მიერ წამოწყებული გაბედული გარემოსდაცვითი მოძრაობა მიანიშნებს უფრო ძლიერ პოზიციაზე, რომელიც მწვანე აზროვნების მნიშვნელობამ უნდა დაიმკვიდროს ჩვენი პოლიტიკის ყველა ასპექტში, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. შესაძლოა, გლობალური მწვანე პოლიტიკის დრო დადგა. ყველა ჩვენგანის გულისთვის იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მართლაც ასეა.