როდესაც ოკეანეებში გაუსაღებელი ნავთობით სავსე სუპერტანკერები დაცურავენ და კოვიდ-19-ის კრიზისი საკვების მარაგზე მღელვარებას იწვევს, აშკარა ხდება, რომ გლობალური სავაჭრო რეჟიმის რეფორმა აუცილებელია. მაგრამ რა მწვანე პერსპექტივა არსებობს ვაჭრობასთან დაკავშირებით? შესაძლოა თუ არა საერთაშორისო ვაჭრობის რეფორმა იმ სტატუს ქვოდან, რომელიც გარემოს დეგრადაციაზე და შრომის ექსპლუატაციაზეა დამოკიდებული ისე, რომ იგი ტექნოლოგიისა და პროგრესის ის ვექტორი გახდეს, რომლისთვისაც მისი მხარდამჭერები იღწვიან და გვერდი აუაროს იმ სოციალურ და ეკოლოგიურ ზიანს, რომელსაც მისი კრიტიკოსები გმობენ? ამ წლის დასაწყისში, ჩვენ გავესაუბრეთ პარლამენტის მწვანე წევრს, ანა კავაზინის, რათა ევროპის ვაჭრობასთან მიმართებაში ახალი მიდგომის შესაძლებლობები განგვეხილა.

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: 2019 წლის აპრილში, „მწვანეებმა/ევროპის თავისუფალმა კავშირმა“ წარადგინა 10 პრიორიტეტული ღონისძიება კლიმატის გადასარჩენად. ერთ-ერთი მათგანი იყო ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების პარიზის შეთანხმებასთან თანხვედრაში მოყვანა, გლობალური სოლიდარობისა და კლიმატური სამართლის აუცილებელი დადგენილებებით. როგორ მიიღწევა ეს?

ანა კავაზინი: ამჟამინდელი სავაჭრო შეთანხმებების უმეტესობა ხელს უწყობს CO2-ის გამოყოფას ნავაჭრი საქონლის წარმოებისა და გადატანის გამო. მწვანეების მისწრაფებაა მომავალი სავაჭრო შეთანხმებების დროს კლიმატურ მიზნებს ჩაუდგეს სათავეში. პარიზის შეთანხმებასთან თანამშრომლობა, მდგრადი განვითარების მიზნები და ამბიციური გარემოს დაცვისა და კლიმატური დადგენილებები უნდა იყოს აუცილებელი, მკაცრად გატარებული მოთხოვნილება მოქმედი თუ ახალი სავაჭრო შეთანხმებების ყველა თავში და უნდა იქნას შეტანილი კლიმატური მოქმედების დამცველ კლიმატურ კანონში. ჯერჯერობით, პარიზის ხელშეკრულება მხოლოდ არადამაკავშირებელ „ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავებშია” ნახსენები.

სავაჭრო შეთანხმებებმა ხელი უნდა შეუწყონ სუფთა მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებას, მაგალითად, საქონლის ნახშირბადის ნაკვალევისა და წარმოების პროცესის მიხედვით დახარისხებით.

მათ ასევე ხელი უნდა შეუწყონ ტექნოლოგიის გადაცემას. ამჟამად, პატენტებისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების უმეტესობა გლობალურ ჩრდილოეთშია. კარგი იქნება გარემოსთვისაც და გავითარებისთვისაც, თუ გლობალურ სამხრეთში ქვეყნები საკუთარ განახლებადი ენერგიის ინდუსტრიებს შექმნიან.

მე, გარდაქმნასთან მიმართებაში, სავაჭრო შეთანხმებების კლიმატისთვის ხელშემწყობად ორ პრიორიტეტს ვხედავ. პირველი ევროკავშირი-მერკოსურის შეთანხმებასთან ბრძოლაა, რადგან, ჯერჯერობით იგი არასწორი განხრით ვითარდება. მეორე – ევროპული იურიდიული ექსპერტიზის კანონმდებლობისათვის ბრძოლა არის. ეს კანონმდებლობა დაავალდებულებდა კომპანიებს დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ მათი მიწოდების ჯაჭვები ადამიანის უფლებების არ არღვევს და გარემოს დეგრადაციას არ იწვევს. ამას ხელს შეუწყობდა მექანიზმები, რომლებიც კანონმდებლებს უფლებას მისცემდა პასუხისგებაში მიეცათ კომპანიები და იქნებოდა იმის გარანტი, რომ იმპორტული საქონელი ბავშვთა შრომისა და ხე-ტყის გაჩეხვისნაირ დარღვევებთან კავშირში არ იქნებოდა.

რა ეფექტი აქვთ პატენტებს ვაჭრობაზე?

ევროპას ძლიერი საპატენტო რეგულაციები აქვს და მოქმედი სავაჭრო შეთანხმებები ხშირად მათ აძლიერებენ ინტელექტუალური საკუთრების დადგენილებებით. ბევრ განვითარებად ქვეყანას სურს საერთაშორისო ინვესტორების მიერ მათ ქვეყნებში მეტი მიწოდების ჯაჭვის შემოტანა და ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოების ზრდა. მაგრამ დღევანდელ პირობებში, ეს შეუძლებელია. ეკო-მეგობრული ფორმით მაინც, განვითარებადი ქვენყებისთვის განახლებადი ინდუსტრიის განვითარების საშუალების მიცემას ამ ტენდენციისთვის შესაძლოა ხელი შეეშალა და ეს შესაძლებლობას მოგვცემდა ვაჭრობის უკეთესად მოწყობაში, რათა მიგვეღწია საჭირო გლობალური ენერგიის ტრანსფორმაციისთვის.

უნდა ვუმიზნებდეთ თუ არა ვაჭრობის დონის ზოგად კლებას?

საქონელს გააჩნია. მაგალითად, ევროკავშირში წარმოებული იაფფასიანი რძის ფხვნილი აფრიკაშულ ქვეყნებში ექსპორტზე არ უნდა გავიდეს, რადგან იქ ადგილობრივი სარძეო სექტორი დაზიანდება. იგივე პრინციპი ვრცელდება ახალ ზელანდიასთან სამომავლო სავაჭრო შეთანხმებებზეც: ახალი ზელანდია დიდი სარძეო მწარმოებელია, მაგრამ ევროკავშირს უკვე რძის სიჭარბე აქვს. ამიტომაც, ჩვენ ზოგიერთი საქონლის ნაკლები ვაჭრობა გვჭირდება. წიაღისეული საწვავით ვაჭრობა, როგორიცაა თხევადი ბუნებრივი აირი და სხვა საქონლები, რომლებიც ხე-ტყის გაჩეხვასთანაა კავშირში, როგორიცაა პალმის ზეთი, პირდაპირ უნდა აიკრძალოს. მაგრამ განახლებადი ტექნოლოგიით ან განვითარებული მექანიზმებით ვაჭრობა მაინც გონივრულია. ხშირად ჰგონიათ, რომ მწვანეები ვაჭრობის წინააღმდეგ არიან, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სწორი საქონლით და სწორად ორგანიზებული ვაჭრობა შესაძლოა სასარგებლო იყოს.

რომელი ინსტიტუტები არიან ვაჭრობისთვის და მაშასადამე, ვაჭრობის გამწვანებისთვის პასუხისმგებლები ევროპაში?

მთავარი ინსტიტუტი ევროპული კომისია და მისი ვაჭრობის საყოველთაო დირექტორატია, რომელმაც უნდა შეცვალოს მოლაპარაკების მეთოდები და ის გზები, რითიც სავაჭრო შეთანხმებებს აღწევს. საბჭო იძლევა სავაჭრო შეთანხმებების დასადებ მანდატებს, მაგრამ იგი ხშირად დეტალებზე არ კონკრეტდება. ამიტომაც, საბოლოოდ, კომისიას საკმაოდ ფართო გზა აქვს ხელშეკრულებებზე მოსალაპარაკებლად, ხოლო ევროპარლამენტს არაფრის შეცვლა არ ძალუძს. ევროპარლამენტის წევრებს შეუძლიათ პოლიტიკური დეკლარაციების დაწერა და მოსმენების დროს კომისიაზე ზეწოლა, მაგრამ როდესაც პარლამენტში ტექსტი შემოდის, ჩვენ მხოლოდ კი ან არა შეგვიძლია ვთქვათ.

კომისიამ აუცილებლად უნდა შეადგინოს ახალი შემოთავაზება იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ სავაჭრო შეთანხმებებში კლიმატი. დღესდღეობით, ხაზგასმა ჯერჯერობით ისევ არსებულ სავაჭრო და მდგრად თავებზეა, რომლებსაც ამჟამად სუსტი გავლენა აქვთ კლიმატზე. პარლამენტში კლიმატ-მეგობრული რეფორმებისთვის მადა იზრდება. ბევრი პოლიტიკური ჯგუფი ამჩნევს, რომ სერიოზული, მოსაგვარებელი პრობლემები არსებობს. ევროპარლამენტის რეზოლუციას გაეროს კლიმატის ცვლილების 2019 წლის კონფერენციაზე (COP25) პრობლემური ნაწილები ჰქონდა ბირთვულ ენერგიაზე, მაგრამ ვაჭრობასთან დაკავშირებული ნაწილი ძალიან დადებითი იყო. ამ რეზოლუციის თანახამად, სავაჭრო შეთანხმებები უნდა დაექვემდებაროს პარიზის ხელშეკრულებას და CO2-ის უფრო მეტად გამოყოფა არ უნდა გამოიწვიოს.

როგორ აფასებთ ამ ევროპული კომისიის შესაძლებლობებს ვაჭრობასთან მიმართებაში?

ურსულა ფონ დერ ლეიენმა საინტერესო შემოთავაზება წარადგინა ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადზე. ამ ინსტრუმენტმა შესაძლოა კლიმატის სავაჭრო პოლიტიკაში ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. ამჯერად, ენერგია ევროპაში მაღალი წარმოების სტანდარტებზე არის მიმართული, რათა რადიკალურად შემცირდეს გაზების გაფრქვევა, მაგრამ, ამავდროულად, ევროკავშირი არა მარტო ნებას რთავს, არამედ ხელს უწყობს იაფ, დაბალ სტანდარტულ იმპორტს, რაც შინ და საზღვრებს გარეთ პროგრესს ხელს უშლის. იმპროტირებული გამონაბოლქვი ევროკავშირის ნახშირბადის ნაკვალევის დიდი ნაწილია და სოციალურად სამართლიანი ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადი შესაძლოა ამ პრობლემას შეერკინოს. მასთან დაკავშირებით გადამწყვეტია ევროკავშირის გამონაბოლქვის სავაჭრო სისტემის რეფორმა, რათა ევროკავშირში ნახშირბადის ფასი გაიზარდოს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან შეწყობა რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი – არა.

ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადი ერთადერთი ინსტრუმენტი ვერ იქნება, რადგან, თუკი იგი ევროპული ეკონომიკის რეალური გარდაქმნის ან სავაჭრო შეთანხმებებზე უფრო ვრცელი დისკუსიის გარეშე არის წარდგენილი, იგი უბრალოდ ევროპული ინდუსტრიის დაცვა იქნება. ევროპაში, ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადი მხოლოდ ემისიების ვაჭრობის რეფორმასთან ერთად იმუშავებს, რომელიც ყველა ინდუსტრიას მოიცავს და სერტიფიკატების რაოდენობას შეზღუდავს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ევროპული მწვანე კურსი“ ევროკავშირის სავაჭრო რეჟიმისათვის?

ვაჭრობა კომისიის „ევროპული მწვანე კურსის“ გეგმის ერთ-ერთი დიდი, გამოტოვებული შესაძლებლობაა. სავაჭრო ენა გამოქვეყნებამდე დღეებით ადრე შესუსტდა, რაც კომისიაში ამ თემასთან დაკავშირებით შიდა უთანხმოებაზე მიანიშნებს. „მწვანე კურსს“ განსაცვიფრებელი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს აგროკულტურული და სავაჭრო პოლიტიკის საფუძვლიან რეფორმას. ეს მჭიდროდ დაკავშირებული თემები „ევროპულ მწვანე კურსში“ დიდწილად არ ფიგურირებს.

წიაღისეული საწვავის გარდა, ნავაჭრი საქონლისმანქანები, მობილური ტელეფონები, ალმასები, სამშენებლო მასალები, ქსოვილებიმაღალ პროპორციას უზარმაზარი ეკოლოგიური ნაკვალევი აქვს. როგორ შეიძლება მათი შემცირება?

სავაჭრო შეთანხმებებმა ყოველთვის უნდა გაამყარონ სუფთა მიწოდების ჯაჭვები, მაგალითად, საქონლის ნახშირბადის ნაკვალევისა და წარმოების პროცესის მიხედვით დახარისხებით. თუმცა, ყველაფერი სავაჭრო შეთანხმებებით ვერ მოგვარდება და არსებობს სხვა ხერხები, რომლის მეშვეობით მიწოდების ჯაჭვების გარდაქმნა არის შესაძლებელი. ბოლო უფლებამოსილების ვადიდან, ევოპარლამენტის წევრები ცდილობენ იურიდიული ექსპერტიზის კანონმდებლობისთვის ბრძოლას, რომ აიძულონ ბიზნესებს მათი მიწოდების ჯაჭვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პასუხისგებაში მისცენ ისინი ამასობაში ჩადენილი სოციალური და გარემოსთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. იურიდიული ექსპერტიზის კანონმდებლობა შესაძლოა 2020 წლის მეორე ნახევრის გერმანული საპრეზიდენტო ვადის პერიოდში იქნას წარდგენილი.

გამოიწვევს თუ არა ტექნოლოგიური წინსვლა ვაჭრობის რელოკალიზაციას?

წრიული ეკონომიკის ცნება და ჩვენი ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის საკითხი რელოკალიზაციის სურვილზე მიუთითებს. ახალი ცნებები და ახალი იდეები შესაძლოა ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში იქნას გამოყენებული, მაგრამ, თუ გულწრფელად ვისაუბრებთ, ჩვენ აღარასოდეს გვექნება იგივენაირი ლოკალიზებული ეკონომიკა, როგორც ასწლეულების წინ.

არსებობს თუ არა იმის რისკი, ომ ევროკავშირის მცდელობა, გაატაროს სავაჭრო რეფორმა, გამოიწვევს კონკურენტუნარიანობის უპირატესობის დაკარგვას იმ გარემოში, სადაც სხვებმა შესაძლოა უფრო იაფ და ბინძურ ხერხებს მიმართონ?

ევროკავშირი არ უნდა მორცხვობდეს, იმიტომ, რომ იგი მაინც მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთიანი ბაზარია. ევროკავშირის მიერ გატარებულ სავაჭრო პოლიტიკას და სტანდარტებს სხვა ქვეყნებზეც ექნება გავლენა, ამიტომ დოლანდ ტრამპისნაირებს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაგვაშანტაჟონ. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სტატუს ქვოს დაცვა ვერ იმუშავებს. სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მსგავსი ქვეყნები სხვანაირ სავაჭრო პოლიტიკაშიც არიან დაინტერესებული და შესაძლოა უარყოფით ტენდენციებთან ბრძოლაში მოკავშირეები იყვნენ. ახლმა ზელანდიამ ახალი ინიციატივა შემოიღო კოსტა რიკასთან, ფიჯისთან, ისლანდიასთან და ნორვეგიასთან ერთად: შეთანხმება კლიმატურ ცვლილებაზე, ვაჭრობასა და მდგრადობაზე. ევროპა მარტო არ იქნებოდა მდგრადი სავაჭრო პოლიტიკის წარმოებაში.

როგორ აფასებთ საერთაშორისო დისკუსიას ვაჭრობაზე?

ტრამპის გამარჯვების ნაწილობრივი მიზეზი ის არის, რომ ხალხი გლობალიზაციით კმაყოფილი არ არის. მემარჯვენე პარტიები მხოლოდ იმიგრანტებზე კი არ საუბრობენ, არამედ გლობალიზაციას, როგორც ჩვენი ცხოვრების წესისთვის შექმნილ საშიშროებად წარმოადგენენ. ჩვენი ლიბერალური სისტემები კი ისე ვერ იქცევიან, როგორც საჭიროა: დიდ კომპანიებს შეუძლიათ გადასახადებისთვის თავის არიდება და ბანკების გადარჩენა გადასახადების გადამხდელთა ფულით ხდება. ხალხი აშკარად უკმაყოფილოა. ამ კონტექსტში, მწვანეებმა უნდა წარადგინონ გლობალიზაციის ისეთი კრიტიკა, რომელიც მის შესაცვლელად საჭირო ხედვასთან ერთად იწარმოება. სხვაგვარი სავაჭრო პოლიტიკა ამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა.

ხელს უშლის თუ არა გერმანული ეკონომიკური ინტერესები მდგრადი და სამართლიანი ვაჭრობის წინსვლას?

გერმანიას ექსპორტზე ძლიერ დამოკიდებული ეკონომიკა აქვს და ეს განაპირობებს მის პოზიციას სავაჭრო შეთანხმებებზე. ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, ლუქსემბურგი ან ფინეთი, ევროკავშირი-მერკოსურის შეთანხმებას კრიტიკით შეხვდნენ, მაგრამ გერმანიის მთავრობა მაინც არ ნებდებოდა, რადგან ეს შეთანხმება კონრეტულად მისი ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება. ეს შეთანხმება მწვანეებმა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ იგი სამოქალაქო საზოგადოებისა და საკანონმდებლო ძალის მონაწილეობის გარეშე შედგა, განსაკუთრებით მერკოსურის ქვეყნებში. ამჟამინდელ ფორმაში, იგი ხელს უშლის ევროპულ მცდელობებს დაარეგულიროს გენმოდიფიკაცია, ხელს უწყობს ხე-ტყის გაჩეხვას, ბუნების განადგურებას, მერკოსურის ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას, წარმოების სტანდარტების დაცემასა და ინდუსტრიული სამუშაო ადგილების შემცირებას.

გერმანიის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი მანქანების ექსპორტი საშუალებას აძლევს ტრამპს, ტარიფებით დაგვემუქროს, ამის გამო, მწვანეები მხარს უჭერენ უფრო გაწონასწორებულ ეკონომიკას, რომელიც ექსპორტზე ნაკლებად არის დამოკიდებული და არ იწვევს სხვა ქვეყნებისთვის საქონლის გაიაფების გამო გერმანიაში დაბალ ხელფასებზე დამოკიდებულებას. უკეთესი ხელფასებისთვის ბრძოლა ამ პროექტის ნაწილია.

გამოქვეყნებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.

თარგმნა ლუკა ქირიამ

Cookies on our website allow us to deliver better content by enhancing our understanding of what pages are visited. Data from cookies is stored anonymously and only shared with analytics partners in an anonymised form.

Find out more about our use of cookies in our privacy policy.