მსოფლიოს გარშემო არსებულ თანამედროვე ქალაქებზე დაკვირვება შესაძლებლობას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეს ქალაქები ძლიერი ფინანსური მომქმედების მოთხოვნებსა და ინტერესებს უფრო მეტად ემსახურებიან, ვიდრე მასში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებს. მაშინ როდესაც, ეს „უსახელო მოთამაშეები” ურბანულ ლანდშაფტს და ქალაქის ფიზიკურ თუ მიუწვდომელ, არამატერიალურ სივრცეებს არღვევენ, ჩნდება კითხვა, რა პერსპექტივები აქვთ ქალაქში მაცხოვრებლებს ამ ტენდეციასთან საბრძოლველად? განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ისინი სულ უფრო ხშირად კარგავენ საკუთარ სივრცეებს და სრულად განიდევნებიან ქალაქური ცხოვრებიდან

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: 1991 წელს თქვენ დაწერეთ წიგნი „გლობალური ქალაქი“ („The Global City“), გვესაუბრეთ ამ წიგნის ძირითად იდეაზე.

სასკია სასენი: 1980-იან წლებში არსებობდა მოსაზრება, რომ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვამ ეკონომიკის სექტორებს კონკრეტულ ტერიტორიებზე ფუნქცნიონირების საჭიროება დაუკარგა. ამ მოსაზრებამ მიბიძგა, მეკვლია ის ეკონომიკური სექტორები, რომლებშიც უკვე მყარად იყო დანერგილი ციფრული ტექნოლოგიები. კვლევის პროცესში ფინანსურ სექტორზე ვფოკუსირდი – ეკონომიკის ამომავალ ვარსკვლავზე, რომლის დერეგულაციამაც, ფინანსურ კომპანიებს საშუალება მისცა, იმ ტიპის საფინანსო მომსახურების სფეროში შეეღწიათ, რომლებიც მანამდე აკრძალული იყო (სტუდენტური სესხებიდან დაწყებული, იპოთეკური სესხებით დამთავრებული).

ამ აღმოჩენამ გლობალური ქალაქისა და მისი ფუნქციონირების ცნების განსასაზღვრად პირველი ნაბიჯები გადამადგმევინა. მან [აღმოჩენამ] შესაძლებლობა მომცა, გამომემჟღავნებინა სრულიად ახალი და მოუხელთებელი სტრუქტურების მქონე მსხვილი ქალაქები, რომელთაც თავადვე შექმნეს ვრცელი, კომპლექსური და მრავალფეროვანი ოპერაციული პლატფორმები. ასეთი ქალაქების რიცხვს 1980-იან წლების მთავარი ეკონომიკური ცენტრები მიეკუთვნება: ნიუ-იორკი, ლონდონი და ტოკიო. ამ ქსელმა დაახლოებით, 40 მსხვილი ქალაქი მოიცვა და გლობალიზაციის პროცესის პარალელურად, სულ უფრო მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ჩემი კონცეფცია თავისი ვიწრო გაგებით ეხება „გლობალური ქალაქის ფუნქციას“ (The global city function) / დანიშნულებას; იგი ერთგვარი ხიდია, რომელიც ქვეყნების ეკონომიკაში ღრმად ჩახედვის საშუალებას გვაძლევს.

გაოცებული დავრჩი, როდესაც სხვადასხვა გარემოების კომბინაციით ასეთ ირონიულ შედეგამდე მივედი: ქალაქის ტერიტორია და მისი ცენტრალური სივრცეები ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და გაციფრულებული ეკონომიკური აქტორებისთვის იმაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გახადა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. მსხვილ კორპორაციულ კომპანიებს,რომლებიც რუტინულ წარმოებაში იყვნენ ჩართული და ფუნქციონირება ნებისმიერი ადგილიდან შეეძლოთ, უკვე იმ ტიპის კომპლექსურ სპეციალიზებულ მომსახურებაზე სჭირდებოდათ წვდომა, რისი დამოუკიდებლად ფუნქციონირების პრაქტიკაც მანამდე არ არსებობდა.

მეორე ჰიპოტეზა, რომელიც იმაზე უფრო მეტად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი, ახალ ეკონომიკურ ლოგიკას ეხებოდა, რომელიც ქმნიდა ორი ტიპის მოთხოვნას დასაქმების ბაზარზე: ეს იყო მაღალი რგოლის სამუშაო ადგილები და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები (ამ ლოგიკის მიხედვით საშუალო რგოლის სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა, როგორიც ეს ტრადიციულ კორპორაციებში ხდებოდა, აღარ იდგა დღის წესრიგში). თუმცა, სწორედ ეს დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები – იქნებოდა ოფისში, თუ საცხოვრებელში, იმაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.

მათი საჭიროება მოწინავე ეკონომიკური სექტორების კონტექსტში, განსაკუთრებით, საფინანსო სექტორში, აღვწერე, როგორც ამ უკანასკნელთა შენარჩუნების მთავარი მხარდამჭერი და სტრატეგიული საყრდენი.

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: რა კავშირშია გლობალური ქალაქის კონცეფცია გლობალიზაციის კონცეფციასთან?

სასკია სასენი: სტანდარტული ეკონომიკა გლობალური ქალაქის ფუნქციური წარმოქმნისა და მსხვილი ფინანსური პროცესების დინამიკას არ ასახავს. მიკრო და მაკრო ეკონომიკის ერთადერთ სასარგებლო ფუნქციას კი მათი სტანდარტული ეკონომიკის სექტორებთან გამკლავების პროცესი წარმოადგენს.

ჩემი ადრეული კვლევის საკვანძო ჰიპოთეზად გლობალური ეკონომიკის კონტექსტში აღმოჩენილი შუამავლის სტრატეგიული და სისტემატური როლი იქცა, რომელზე დაკვირვებაც 1980-იან წლებში დაიწყო. ამან ახალი ჰიპოთეზის შემუშავებისკენ მიბიძგა. ჰიპოთეზის მიხედვით, სპეციფიკური ტიპის სივრცეების საჭიროება გაჩნდა: ეს სივრცეები შუამავლის ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს უზრუნველყოფდნენ. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული სივრცე დაკავშირებული იყო „აუთსორსის“ (საკუთარი საქმის გასაკეთებლად სხვისი დაქირავება/მასზე გადაბარება) მომსახურებისთვის საჭირო ინსტრუმენტებთან, რაზეც ჩემს პირველ წიგნში ვსაუბრობ.

მაგრამ 1980-იანი წლებისთვის ეკონომიკურ სექტორი სრულიად განსხვავებული და კომპლექსური სირთულის წინაშე დადგა, რამაც ქალაქის ახლებური ჩამოყალიბება მოიტანა შედეგად. სწორედ ამას ვუწოდებ „გლობალურ ქალაქს“, მრავალფეროვანი და კომპლექსური შუალედური შესაძლებლობების წარმოქმნისა და რეალიზაციის სივრცეს. ეს კონცეფცია მთელ ქალაქს არ ეხებოდა. მე ვივარაუდე, რომ გლობალურ ქალაქს აქვს საწარმოო ფუნქცია, რომელიც მოიაზრება ქალაქის სხვა არსებულ, რთულ ფუნქციებთან ერთად. კონკრეტულად ეს ფუნქცია კი ქალაქის დანარჩენ ნაწილს უზარმაზარი ჩრდილის ქვეშ ტოვებდა.

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: ევროპაში ქალაქური ქსელები სულ უფრო და უფრო ჩანს და ხშირად ისმის ურბანული მოძრაობების ხმა – „დაიბრუნონ კონტროლი“ ქალაქზე; იქმნება ახალი ინიციატივები ენერგო კოოპერატივების, კაფეების განახლებისა და „ფაბ ლაბების“ („საწარმოო ლაბორატორიების“) შექმნის შესახებ. ამ აქტივობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თუ არა,რომ ოპტიმისტურად განვეწყოთ?

სასკია სასენი: რთულია გიპასუხოთ, სხვადასხვა ქალაქში ეს პროცესები ხომ განსხვავებულად მიმდინარეობს; საჭიროა კონკრეტულ ქალაქზე ფოკუსირება და მისი სპეციფიკის გათვალისწინებაც. ზოგადად, შემიძლია გიპასუხოთ, რომ – დიახ, შეგვიძლია ოპტიმისტურად განვეწყოთ. თუმცა, სამუშაო ბევრია. მოქალაქეებმა საკუთარი უფლებები უნდა იცოდნენ და ისინი გააზრებული ჰქონდეთ იმისთვის, რათა სამეზობლოში თუ ქალაქში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ზუსტად იცოდნენ, ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე სახელმწიფოსგან რისი მოთხოვნა შეუძლიათ.

დღემდე მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს გააზრებული, რომ იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელიც მათ ეხებათ, წვლილი თავად შეუძლიათ შეიტანონ. ამ შესაძლებლობას კი უფლებრივ კონტექსტში გამყარება სჭირდება, რაც კანონებსა თუ საკანონმდებლო აქტებში მკაფიოდ ფორმულირებული ჯერ კიდევ არ არის.

როგორც ვხდედავთ, იმისთვის, რომ მოქალაქეების მოსაზრებებმა სახელმწიფომდე მიღწიოს, მნიშვნელოვანი სამუშაო ერთდროულად რამდენიმე ფრონტზეა ჩასატარებელი. ეს არის ომი განვითარებისთვის, ამისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს.

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: დღეისთვის რომელი ძალები ან მოქმედი პირები უცვლიან ფორმას და აყალიბებენ ევროპულ ქალაქებს?

სასკია სასენი: ჩანს ორი განსხვავებული დომინანტი ძალა. ისინი განსხვავდებიან ევროპული ქალაქების ადრეული ურბანული ლოგიკისგან; დომინანტ ქალაქებს წარმოადგენენ, როგორც ეკონომიკისა და პოლიტიკის ტენდეციების მთავარ მოქმედ ძალებსა და კონცენტრატორებს. ასეთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ქალაქების მახასიათებელი ტერიტორიული სიდიდე ნამდვილად არ არის; მაგალითად, ფრანკფურტი მაინც ეკონომიკურად მძლავრი ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონსა და პარიზზე გაცილებით პატარაა.

შესაბამისად, ქალაქის ეკონომიკური ფუნქციის ზრდამ, გარკვეულწილად, ურბანული სივრცის საჭიროება გააჩინა, რამაც სხვაობა „კარგსა“ და „ცუდს“ შორის თვალსაჩინო გახადა. ქალაქები უკვე სიმდიდრის შემქმნელ /მწარმოებელ მანქანებს წარმოადგენენ (wealth making machines).

მათ ადრინდელი ფუნქცია მაშინ დაკარგეს, როდესაც ეკონომიკის დომინანტი სექტორები ინფრასტრუქტურაზე გადაერთო, რაც საცხოვრებელი სახლების გაზრდილ მშენებლობასა და გარეუბნებში წარმოქმნილ „აფეთქებაზე“ აისახა.

ქალაქში სიმდიდრის შექმნამ, როგორც დადებითი (ხდება ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის განახლება, სამუშაო ადგილეების წარმოქმნა და ა.შ), ისე უარყოფითი შედეგი იქონია საკუთრივ ქალაქზე. ისინი მძლავრი ეკონომიკური ძალების მიერ ქალაქში მაცხოვრებლების და ქალაქის მცირე ეკონომიკური აქტორების ჩანაცვლებასა და განადგურებაში გამოიხატება.

ჩემს წიგნში „განდევნა“ ვსაუბრობ, რომ დღეს არსებული დასავლური ეკონომიკის ძირითადი დინამიკა ადამიანთა და მცირე კომპანიების განდევნას ემსახურება. ისინი როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური კეთილდღეობის განზომილებებიდან/სისტემებიდან განდევნილი არიან.

ჩემი ყურადღება გამოდევნის იმ ზღვარზეა გამახვილებულია, რომელიც სახელმწიფოთაშორის სისტემაში არსებული გეოგრაფიული საზღვრისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. ეს მოსაზრება კიდევ ერთი ვარაუდისგან გამომდინარეობს, რომელზეც ჩემს წიგნში ვსაუბრობ: კეინზიანიზმიდან გლობალურ პრივატიზაციამდე გადასვლამ, დერეგულაციამ და საზღვრების ღიაობამ საზოგადოების აღნიშნულ სისტემაში ჩართვის ხელშეწყობის ნაცვლად, მათი გამოდევნება გამოიწვია.

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: როგორ ხედავთ ქალაქებისა და ზოგადად, „ჭკვიანი“ და „მედეგი“ ქალაქების კონცეფციების მომავალს?

სასკია სასენი: ჭკვიანი, მჭიდროდ დაკავშირებული და მედეგი ქალაქების შესახებ დისკუსია პოლიტიკურია. ეს კონცეფციები, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოციალური სამართლიანობის საკითხები, ცენტრალური მნიშვნელობისაა. როდესაც ჩემს წიგნსა და გლობალურ ქალაქებზე ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ ქალაქები მათი მნიშვნელოვნების კონტექსტში, გეოპოლიტიკისთვის, გლობალური ეკონომიკისთვისა, სოციალური სამართლიანობისთვის დღეს უფრო აქტუალურნი არიან, ვიდრე კეინზიანიზმის დომინანტობის პერიოდში. ადრეულ პერიოდში მმართველობა, მათ შორის, ომის შემდგომი აღმშენებლობაც, დიდწილად სახელმწიფოს გამგეობით ხორციელდებოდა.

თუმცა, შემდგომში დაწყებულ დერეგულაციასა და ეკონომიკური სექტორის პრივატიზაციას მართვისა და რეგულატორის ფუნქციები არ გაუქრია. ისინი კერძო კომპანიებს გადაეცა და სპეციალიზებულ ფინანსურ, სააღრიცხვო/საბუღალტრო, იურიდიულ, საკონსულტაციო მომსახურების მქონე კოორპორაციებში წარმოჩინდა. ყველა ამ ტიპის საქმიანობა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ქალაქებში, განსაკუთრებით გლობალურ ქალაქებში, ვინაიდან ეს კორპორაციები გლობალურ ბაზარზე ფუნქცნიონირებს. საერთო ჯამში კი, მოვლენების ამგვარი განვითარება ყოველთვის კარგი არ არის.

ჩვენ გვჭირდება ქალაქზე ორიენტირებული მძლავრი სისტემების დაბალანსება; ეს შესაძლებელია საზოგადოების დაბალშემოსავლიანი ნაწილის სტატუსისა და შესაძლებლობების განვითარებით, რაც მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქები არა „დე იურე“, არამედ „დე ფაქტო“, სახელმწიფო ეკონომიკისა და ტრანსსასაზღვრო ეკონომიკის მომქმედებად იქცევა, კულტურათაშორის ურთიერთობებს განაპირობებს და ასევე, გარემოსდაცვით და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნაში მთავარი მამომძრავებლები გახდებიან.

ჩემს ანალიზში მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს ის, რომ დიდ ქალაქებში, მზარდი ძალაუფლების მიუხედავად, არსებობს შესაძლებლობა (განსაკუთრებით, ისეთ ქალაქებში, რომელთა სრულად მართვა შეუძლებელია), ძალაუფლებას ისეთი გზებით შეეწინააღმდეგო, რომელიც იმ კანონების ფარგლებს სცდება, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ხელისუფლებისგან რაიმეს მოთხოვნა შეგვიძლია.

ეკონომიკური ძალების მსგავსი კონცენტრაცია სახელმწიფოების მხრიდან მის მართვას სადაოს ხდის, ვინაიდან იმ შესაძლებლობებს აღემატება, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ველოდებით. ჩვენ, ქალაქში მცხოვრებთ, შეგვიძლია ქალაქის ნაწილები უმარტივესი გზებით გადავაკეთოთ, რისი ერთბაშად გაკეთება მთლიანი ქვეყნის დონეზე შეუძლებელია. რეალურად, ქალაქის მცხოვრებლებს შეუძლიათ ხელისუფლებას წინ აღუდგნენ და უთხრან: „ჩვენ არაფერს ვითხოვთ, უბრალოდ გატყობინებთ, რომ ეს ქალაქი ჩვენიც არის“ (“We are not asking you for anything, we are just informing you that this is also our city”).

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: როგორ ფიქრობთ, არის თუ არა „კოსმოპოლიტური“ დიდ ქალაქებში დაწყებული ურბანული მოძრაობები? აქვთ თუ არა ამ მოძრაობის მონაწილეებს, განათლებულებსა და ელიტის წარმომადგენლებს პეკინში, ნიუ-იორკში, სტამბულში, ბერლინში, ახლომდებარე სოფლის ტიპის სამეზობლოებში მცხოვრები ადამიანების მსგავსი ცხოვრების წესი?

სასკია სასენი: ეს ამბის მნიშვნელოვანი ნაწილია. თვალსაჩინოა, ასევე, ურბანულ მოძრაობებში მოზღვავებული ენერგია, ფოკუსირებული სამეზობლოების, გამწვანების, კვების ობიექტების, წარმოების რელოკალიზაციის შესახებ, იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ვერასდროს დავივიწყებ ჩემს ბრწყინვალე სტუდენტებს ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, რომლებმაც „ფრანჩაიზების“ თავიდან აცილების მიზნით, საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოება დაიწყეს, გასართობი ცენტრები, ყავის მაღაზიები შექმნეს და ა.შ.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი მსოფლიოს მსხვილ სისტემებსვერ შეცვლის, მათ შორის, ვერც მსხვილ ფინანსურ თაღლითობებსა და ვერც გამანადგურებელ, დაურეგულირებელ მოპოვებით მრეწველობას. მაგრამ ეს სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული ქმედებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები უნდა იყოს. ადგილის/სივრცის პოლიტიკა (politics of place), რომელიც ქალაქიდან ქალაქში გავრცელდება და საკუთრივ ქალაქის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფუნქციებზე პოტენციურად დიდი გავლენა ექნება.

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: შეგვიძლია თუ არა დღევანდელი ქალაქი მიგრანტს შევადაროთ? წარმოადგენს თუ არა ქალაქი ზოგიერთი „სქელი კულტურის“ (thick culture) შემოდინებისა და გავრცელების ნაზავს, რომელსაც შეიძლება „კოსმოპოლიტიზმი“ ეწოდოს (თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობის ფესვები შეიძლება განსხვავებული იყოს)?

სასკია სასენი: თქვენ თავად ახსენეთ და მეც დაგეთანხმებით, რომ ასეა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ქალაქები ასევე ბრძოლის ველსაც წარმოადგენს, რაც ბევრ არეულობას იწვევს. ამას ჩემს ერთ ნაშრომში ვამტკიცებდი, სადაც ქალაქების თანამედროვე საზღვრებზე ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩვენ არა დევნილის, ან იმიგრანტის, არამედ სრულიად ახალი, მიგრანტთა მესამე ტიპის სუბიექტის მოწმენი ვხდებით.

იმპერიების არსებობისას ათვისებულ ტერიტორიებად მხოლოდ მის საზღვრებში არსებული მიწები მოიაზრებოდა. სხვა მიწებზე კონტროლის მოპოვების პრაქტიკა თითქმის არ არსებობდა. თუმცა, თანდათან აშშ-მ, ჩინეთმა და ევროპულმა ეკონომიკურმა სექტორებმა მსოფლიოს მიწების უდიდეს ნაწილზე მოიპოვეს წვდომა, რამაც მათ საშუალება მისცა, ეს მიწები საკუთარ ექსტრაქციულ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაერთოთ.

„მწვანე ევროპული ჟურნალი“: რატომ წარმოადგენს დღეს ქალაქი საზღვარს?

სასკია სასენი: საზღვარს მე ასე განვმარტავდი: ეს არის სივრცე, სადაც სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯახებიან და რომელთაც ურთიერთქმედების რაიმე ტიპის წესები არ გააჩნიათ. შემიძლია ვიკამათო იმაზე, თუ რამდენად გააჩნია დღევანდელ მოუწესრიგებელ ქალაქებს საზღვრები.

როგორც უკვე ვთქვი, ასეთ ქალაქებში მცხოვრებ ღარიბ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ, იმუშაონ, ძალაუფლებას წინააღმდეგობა გაუწიონ და საკუთარი მოთხოვნები ჰქონდეთ. ამ შესაძლებლობისა და უფლებების მონიჭება ქალაქურ სივრცეებს შეუძლიათ. აი, რატომ მეშინია მათი დაკარგვის.

ასეთ სივრცეებს აკონტროლებენ ძლევამოსილი აქტორები, რომლებიც ძირითადად, ცარიელ შენობებს აშენებენ და ამ გზით ავიწროვებენ მოქალაქეებს, რომელთაც ძალაუფლება არ აქვთ. მაგრამ ეს ხალხი გრძნობს, რომ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ და გადარჩენისთვის იბრძვიან, სინამდვილეში მათ ეკუთვნით.

Talk of the Town: Exploring the City in Europe
Talk of the Town: Exploring the City in Europe

'Talk of the Town' focuses on cities and their significance across Europe and beyond, both as the site of key transformations and new dynamics, but also as political actors in their own right.

Order your copy