კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა საერთაშორისო სასურსათო სისტემის ხარვეზები. სასურსათო კრიზისის რისკი დღეს იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სამრეწველო სასურსათო სისტემის ნაკლოვანებები კარგა ხანია თვალშისაცემია, რაც მუდმივ გლობალურ შიმშილში, არასრულფასოვან კვებასა და გარემოს განადგურებაში გამოიხატება, რაც, თავის მხრივ, კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების კრიზისის გამომწვევი ხდება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აგროეკოლოგია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დოინა პოპუსოი, რომელიც აგროეკოლოგიის ევოლუციას ადევნებს თვალს, აცხადებს, რომ სასურსათო სისტემის გადაფასება, მდგრადი განვითარებისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, სწორედ დღეს უნდა დავიწყოთ.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის მომავლის შესახებ ბოლო ათწლეულებში გამართულ დისკუსიებში აგროეკოლოგია ერთ-ერთ წამყვან საკითხს წარმოადგენს. ამავე დროს, ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ფერმერებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება; ასევე გავრცელებული და პრიორიტეტულია უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში; ნაკვლევია სხვადასხვა ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ (გაეროს ჩათვლით); შემუშავებულია იმ მთავრობების მიერ, რომლებიც სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის გატარებას ცდილობენ. აგროეკოლოგია იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებებმა ისარგებლონ ადგილობრივი წრიული (ცირკულარული) ეკონომიკით, რაც ზრდის მწარმოებლების შემოსავალს. მოსახლეობა გარემოზე სოფლის მეურნეობის უარყოფითი გავლენის შემცირებით დამატებით სარგებელსაც იღებს. საერთო ძალისხმევით წარმოშობილი, წარმატებული ბუნებრივი ეკოსისტემების შექმნით, აგროეკოლოგია დადებით ურთიერთქმედებას ხსნის, რაც შესაბამისად, მავნე და ძვირადღირებული ქიმიკატების საჭიროებას ამცირებს. იქიდან გამომდინარე, რომ მდგრადი სასურსათო სისტემის საჭიროება სულ უფრო ნათელი ხდება, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით აგროეკოლოგიას საერთაშორისო დღის წესრიგსა და სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჰოლისტური მიდგომა სოფლის მეურნეობის მიმართ

აგროეკოლოგია სათავეს 1920-1930-იანი წლებიდან იღებს. მეცნიერებმა კარლ კლაგესმა და ბეზილ ბენსინმა იგი განსაზღვრეს, როგორც ეკოლოგიური პრინციპების გამოყენება სოფლის მეურნეობაში. გასული საუკუნის 80-იან წლებში სტივენ გლისმანმა და მიგელ ალტიერიმ, თანამედროვე აგროეკოლოგიის პიონერებმა, ტრადიციული და მრავალფეროვანი აგროეკოსისტემების ხაზგასმით, აშშ-სა და ლათინურ ამერიკაში სოფლის მდგრადი განვითარების შესახებ დისკუსიების წარმართვა დაიწყეს. აღნიშნულის პარალელურად, 1990-იან წლებში კუბის უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს კონცეფცია ,,სურსათის სუვერენიტეტის“ შესახებ, რომელიც ძირითად ორგანიზაციებს, მიწათმოქმედების სისტემების აგროეკოლოგიური ტრანსფორმაციის გზით, მე-20 საუკუნის სამრეწველო სურსათის წარმოების ე.წ. ,,მწვანე რევოლუციის“ გადალახვაში დაეხმარებოდა.

თანამედროვე აგროეკოლოგიას გლისმანი შემდეგნაირად განსაზღვრავს: ,,კვლევის, განათლების, მოქმედებისა და ცვლილებების ინტეგრირება, რაც უზრუნველყოფს კვების სისტემის ყველა ასპექტის მდგრადობას: ეკოლოგიურს, ეკონომიკურსა და სოციალურს“. ის აგრეთვე დასძენს, რომ აგროეკოლოგია არის ერთიანი, დისციპლინათშორისი მიდგომა სასურსათო სისტემებში ცოდნისა და გამოცდილების არსებული ფორმების შესაფასებლად, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობაზეა ფოკუსირებული. დაბოლოს, აგროეკოლოგია ორიენტირებულია ქმედებაზე, ვინაიდან „ის არსებული სამრეწველო სურსათის სისტემის ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს უპირისპირებს ალტერნატიულ სოციალურ სტრუქტურებსა და სამოქმედო გეგმას (policy action)“. ამ გზით აგროეკოლოგია ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობისა და ზოგადად კვების სისტემების ჰოლისტურ მიდგომად.

თანამედროვე აგროეკოლოგიას გლისმანი შემდეგნაირად განსაზღვრავს: ,,კვლევის, განათლების, მოქმედებისა და ცვლილებების ინტეგრირება, რაც უზრუნველყოფს კვების სისტემის ყველა ასპექტის მდგრადობას: ეკოლოგიურს, ეკონომიკურსა და სოციალურს“.

გლობალური კვების დღევანდელი სისტემები არამდგრადია, რაც გამოიხატება, როგორც გარემოზე მათი ნეგატიური ზემოქმედებით, ასევე უსაფრთხო საკვების ჭარბი მიწოდების საკითხში მათი ზოგადი მარცხით. ათწლეულების განმავლობაში გლობალურ დათბობასთან გამკლავების შესახებ გამართული დისკუსიების მიუხედავად, როგორც კლიმატის შესახებ გაეროს 2019 წლის ანგარიშშია განხილული, სათბურის გაზების გამოყოფა იზრდება. პარიზის შეთანხმების შესაბამისად, 1.5 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის ზრდის შეზღუდვის მისაღწევად ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ზომების მიღებაა საჭირო. ანგარიშის თანახმად, სოფლის მეურნეობა, ამომწურავი წარმოებისა და მიწების არამდგრადი გამოყენებით, სათბურის გაზების სრული გლობალური გამოყოფის 23 პროცენტზეა პასუხისმგებელი. იგი ითვალისწინებს მასშტაბურ მონოკულტურულ კულტივაციას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და თევზაობის ინტენსიურ წარმოებას, ტყეების გაჩეხვასა და ა.შ. – ყოველივე ზემოაღნიშნული ნიადაგის დეგრადაციას, ბუნებრივი რესურსების ამოწურვას, ბიომრავალფეროვნების კარგვის გამოწვევასა და ჩვენი ეკოსისტემების შესუსტებას იწვევს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულებში გლობალური შიმშილის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში გაზრდილმა მოსავლიანობამ მართალია უზრუნველყო საკვები პროდუქტების საკმარისი მომარაგება, თუმცა მუდმივი შიმშილი და არასრულფასოვანი კვება კვლავ საკვანძო პრობლემად რჩება. უახლესი მონაცემების თანახმად, 2015-დან 2019 წლამდე აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო გაიზარდა. გაეროს 2018 წლის გლობალური შიმშილის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 820 მილიონ ადამიანი განიცდის ქრონიკულ შიმშილსა და არასრულფასოვან კვებას.

აგროეკოლოგიას შეუძლია აღნიშნული ტენდენციები სისტემური მიდგომის გამოყენებით შეცვალოს, როგორც ეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საბჭოს მიერ (FAO) დამტკიცებული აგროეკოლოგიის ათი ელემენტითაა განსაზღვრული. აგროეკოლოგიური პრინციპების გამოყენებამ შესაძლოა ბიომრავალფეროვნების კარგვის პროცესი შეანელოს და გაზარდოს ეკოსისტემების მდგრადობა ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. ნათესების, პირუტყვისა და თევზჭერის მრავალფეროვან მეურნეობის სისტემებში გაერთიანება მწარმოებლებს მავნე ქიმიკატებზე დამოკიდებულების დაძლევაში შეუწყობს ხელს, რითიც ისინი თავიდან აიცილებენ იმ მძიმე შედეგებს, რომლებიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ასევე იძულებით ხარჯებს, რაც სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. აგროეკოლოგიური მეთოდების გამოყენება სოფლის მეურნეობაში ყველაზე პერსპექტიული სტრატეგიაა ჯანსაღი და ნოყიერი პროდუქტის წარმოებაში მცირე მეწარმეების დასახმარებლად, რომლებიც გლობალური სურსათის წარმოების 80 პროცენტზე არიან პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია, რომ აგროეკოლოგია გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებს პასუხობს, რომლებიც 17 პუნქტადაა ჩამოყალიბებული. სოფლის მეურნეობის მოცემული მიდგომა აღნიშნული მიზნების ნახევარს ფარავს და მათზე დადებითად აისახება.

ევოლუცია საერთაშორისო ასპარეზზე

გასული საუკუნის 80-იან წლებში სოციალურმა მოძრაობებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ,,მწვანე რევოლუციის“ დღის წესრიგის წინააღმდეგ დაიწყეს მობილიზება, რომელიც ათი წლის განმავლობაში გლობალურ სოფლის მეურნეობას ინდუსტრიალიზაციისკენ უბიძგებდა. აღნიშნული მოძრაობები მხარს უჭერდნენ სოფლის მეურნეობის იმგვარ ტრანსფორმაციას, სადაც ფერმერები სურსათის სამართლიანი წარმოების ცენტრალურ საყრდენებად იქნებოდნენ აღიარებული. 1993 წლიდან მოყოლებული, სურსათის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა ერთ-ერთმა დიდმა მოძრაობამ ,,ლა ვია კამპესინამ“ (La Via Campesina) შეკრიბა 200 მილიონი ფერმერი აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, რათა მოეპოვებინათ უფლებები მიწასა და თესლზე და ასევე, მხარი დაეჭირათ აგროეკოლოგიისთვის, როგორც წინგადადგმული ნაბიჯისთვის. აგროეკოლოგია გლეხების, მეთევზეების, მწყემსებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხმაა, რომელსაც შეუძლია შექმნას სამართლიანი საზოგადოება, სადაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა მიიღწევა. La Via Campesina-ს გარდა სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია, ქსელი და სამოქალაქო საზოგადოება გამოხატავდა ამ პროცესების მიმართ მხარდაჭერას. მხარდამჭერთა რიგებს ემატებიან დონორებიც. საერთაშორისო ალიანსი სურსათის მომავლისთვის – კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციების კონსორციუმი – მხარს უჭერს აგროეკოლოგიას, როგორც მდგრად სასურსათო სისტემებზე გადასვლის მთავარ გამოსავალს.

აგროეკოლოგია არის გლეხების, მეთევზეების, მწყემსებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხმა, რომელსაც შეუძლია შექმნას სამართლიანი საზოგადოება, სადაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა მიიღწევა.

დაბოლოს, აგროეკოლოგიის ცნება ერთსულოვნად მოიწონეს მეცნიერებმა და ფერმერთა ორგანიზაციებმა. მისი უნიკალური შესაძლებლობა, შეცვალოს კვების მთელი სისტემა და ერთმანეთთან დააკავშიროს მდგრადი განვითარების ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები, აღიარეს: მსოფლიო ბანკმა, მთავრობათაშორისმა სამეცნიერო პოლიტიკის პლატფორმამ ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების შესახებ და საეტაპო პუბლიკაციებმა, როგორიცაა IPCC-ს ანგარიში კლიმატის ცვლილებისა და მიწის შესახებ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი

2014 წელი გადამწყვეტი იყო აგროეკოლოგიის „ინტერნაციონალიზაციისთვის”, რადგან გლობალურმა საზოგადოებამ დაიწყო მისი მნიშვნელობის გააზრება სურსათის უსაფრთხოებისა და კვებისათვის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) დაიწყო რეგიონული და საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მთავრობებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებს, მეცნიერებსა და ფერმერებს ერთად იმუშაონ სასურსათო სისტემების გარდაქმნისთვის. მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი აგროეკოლოგიის შესახებ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება აგროეკოლოგიამ ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებასა და გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.

დაიწყო დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაფართოებულიყო და გაზრდილიყო ქმედება მასშტაბური აგროეკოლოგიის ინიციატივის შექმნით. ამ იდეების გარშემო გაერთიანდნენ გაეროს სააგენტოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სოფლის მეურნეობაზე, კვების სისტემებსა და გარემოზე მუშაობენ, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ბიომრავალფეროვნება (Biodiversity International). მათ ასევე მხარი დაუჭირეს ეროვნული დონის პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ სასურსათო სისტემების გარდაქმნას. აღსანიშნავია, რომ სენეგალი, მექსიკა და ნიკარაგუა ახლა ავითარებენ მსგავს პროგრამებს. ხოლო ინდოეთში, ანდჰრა პრადეშის შტატმა უკვე მიიღო ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი ბუნებრივი მეურნეობის მოდელი, რომელიც შემდგომ წარმატებით დანერგა 580 00 ფერმაში.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), გაეროს ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ინვესტიციებს სოფლის განვითარებაში დებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს აგროეკოლოგიის განვითარებას. ქვემოდან ზემოთ მიმართული პროცესის საშუალებით, კონსულტაციისა და დიალოგის მეთოდით, ფერმერთა ფორუმი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა და მასში შემავალი სახელმწიფოების მცირე მეწარმე ფერმერებს და სოფლად მცხოვრებ მეწარმეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

2020 წლის ფერმერთა ფორუმმა კიდევ ერთხელ გამოხატა და დაადასტურა ფერმერთა უმრავლესობის მხრიდან აგროეკოლოგიაში ჩართვის სურვილი კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების მიზნით. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), სხვებთან ერთად, სოფლის სურსათის უსაფრთხოებისა და კვების გაუმჯობესების სფეროში, სასოფლო-სამეურნეო მიდგომებთან შედარებით, აგროეკოლოგიის ეფექტიანობასა და უპირატესობას იკვლევს. სხვა გარდა ამისა, FAO-ს აგროეკოლოგიის ეფექტიანი მუშაობის შემფასებელი ინსტრუმენტი აღნიშნული დარგის მუშაობის ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტი

2019 წლის ივლისში, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტმა (CFS) აგროეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის განსხვავებული მდგრადი ინოვაციური მიდგომების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. კომიტეტი ყოველი წლის ოქტომბერს სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების საკითხების განსახილველად იკრიბება. ექსპერტების შემუშავებული ანგარიში ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის მდგრადი და მრავალფეროვანი ინოვაციების გამოყენებას და შიმშილთან და არასრულფასოვან კვებასთან საბრძოლველად, სოფლის მეურნეობის სრული გარდაქმნის (ტრანსფორმაციის) აუცილებლობაზე მიუთითებს.

აგროეკოლოგია აღწერილია, როგორც „დისციპლინათაშორისი მეცნიერება”, რომელიც მიმართულია რეალური გლობალური საკითხების გადაჭრისკენ, რეფლექსური, ერთობლივი და მონაწილეობითი მეთოდების გამოყენებით. მისი სოციალური განსაზღვრება გულისხმობს, რომ გარდა მეცნიერებისა, აგროეკოლოგია არის წინასწარ განუსაზღვრელი პრაქტიკების ერთობლიობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ეკოლოგიურ პროცესებსა და ადამიანურ ღირებულებებს ითვალისწინებს. ამის ნათელი მაგალითია, საოჯახო მეურნეობების კოლექტიური უფლებების დაცვა.

აგროეკოლოგიურ გარდაქმნაში საკვანძო სიტყვა არის „ინოვაცია“/სიახლე, რომელიც უნდა იყოს გონივრული და დემოკრატიული. ამასთანავე, მან ხელი უნდა შეუწყოს ცოდნის ერთობლივად შექმნის პროცესს, რომელიც თანამედროვე სოფლის მეურნეობის გარდაქმნისთვის ფუნდამენტურ საყრდენს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ ინოვაციური პრინციპები გამოყენებული უნდა იქნას ადგილობრივ დონეზე და შესაბამისად ადაპტირდეს განსხვავებულ გარემოსდაცვით თუ სოციო-ეკონომიკურ მოცემულობასთან. აგროეკოლოგია, თავის მხრივ, ჰოლისტურ მიდგომას წარმოადგენს, რომელიც სასურსათო სისტემებში არსებულ გამოწვევებს ღრმა ურთიერთკავშირად აღიქვამს და მის მოგვარებას მხოლოდ შეთანხმებული და ყოვლისმომცველი მიდგომებით ხედავს. სწორედ ასეთ სისტემურ მიდგომას შეუძლია ერთდროულად გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას და თავიდან აიცილოს პარადიგმის კრიზისი, რაც გზას გაუხსნის მის ცვლილებას სურსათის სისტემების დონეზე.

აგროეკოლოგია და სოფლის მეურნეობის მდგრადი ინიციატივები მნიშვნელოვნად განსხვავდება გლობალური, რეგიონული თუ ადგილობრივი გარემოს შესაბამისად, სადაც არ არსებობს ერთი მოდელი, რომელიც ყველაფერს მოერგება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მთავარ მამოძრავებელ პრინციპს მდგრადობა უნდა წარმოადგენდეს.

აღნიშნული ანგარიში შეჯამებულია ხუთი ძირითადი რეკომენდაციით, რომლებიც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტში, ოდნავ მოგვიანებით, იმავე წლის (2019) ოქტომბერში განიხილეს. სხდომაზე სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მხრიდან ორი ძლიერი პოზიცია გამოიკვეთა. პირველი იყო ინოვაციური სასურსათო სისტემების აგროეკოლოგიურ მიდგომებზე დაფუძნება, რომელსაც მხარი დაუჭირა გლობალური სამხრეთის ქვეყნების დიდმა ნაწილმა (კერძოდ: ირანი, სენეგალი, ბურკინა ფასო, ჩადი, მალი, შვეიცარია) და სამოქალაქო საზოგადოებისა და მკვიდრი მოსახლეობის მექანიზმმა (CSM). მეორე პოზიციას მხარი დაუჭირეს გლობალური ჩრდილოეთის ქვეყნებიდან აშშ-მ და ავსტრალიამ, კერძო სექტორის მექანიზმმა (PSM), და ბრაზილიამ. ჩამოთვლილი სუბიექტები ან უარს ამბობდნენ მხოლოდ აგროეკოლოგიური კვების სისტემის გამოყენებაზე ან მას ერთ-ერთ რიგით სტრატეგიად განიხილავდნენ სხვა დანარჩენთან ერთად, ან საერთოდაც თავს არიდებდნენ მის გამოყენებას და უპირატესობას ანიჭებდნენ ტექნოლოგიურ მიდგომებს, როგორებიცაა ბიოტექნოლოგია და ზუსტი სოფლის მეურნეობა.

შედარებით ნეიტრალური პოზიცია აირჩია ევროკავშირმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, უნგრეთმა და ჩინეთმა, რომლებიც აგროეკოლოგიას კვების სისტემების გაუმჯობესების პერსპექტიულ გზად მიიჩნევდნენ. ტაილანდმაც აღიარა მისი პოტენციალი, თუმც, სხვა ქვეყნების მსგავსად, მეტი სამეცნიერო მტკიცებულების მოპოვებას ითხოვდა.

აგროეკოლოგია და სოფლის მეურნეობის მდგრადი ინიციატივები მნიშვნელოვნად განსხვავდება გლობალური, რეგიონული თუ ადგილობრივი მოცემულობის შესაბამისად, სადაც არ არსებობს ერთი მოდელი, რომელიც ყველაფერს მოერგება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარ მამოძრავებელ პრინციპს მდგრადობა უნდა წარმოადგენდეს. იმ დროს, როცა კვების სისტემები არამდგრადია გარემოსთვის, ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის, ასეთი გარდაქმნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შესაფერისი რო აგროეკოლოგური გარდაქმნისთვის (ტრანსფორმაციისთვის)

COVID – 19 პანდემიაზე გაკეთებულ განცხადებაში, FAO მსოფლიოს სურსათის კრიზისის საშიშროების შესახებ აფრთხილებს. კრიზისი მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული ზომები საზღვრების ჩაკეტვის, საკარანტინო და გლობალური კვების მიწოდების ჯაჭვის დარღვევით გამოწვეული ზეგავლენის შესამცირებლად. „პანიკა საჭირო არ არის; გლობალურად, საკმარისი საკვები ყველასთვის არსებობს” – აღნიშნულია განცხადებაში.

ჩვენ უნდა შევეკითხოთ საკუთარ თავს, თუ რატომ რჩება შიმშილი და არასრულფასოვანი კვება ასეთ ენდემურ, სერიოზულ პრობლემად და რა საფასურს ვიხდით განვითარებულ ჩრდილოეთსა და არასაკმარისად განვითარებულ სამხრეთს შორის გაზრდილი უთანასწორობის გამო. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს და ეკონომიკური განვითარებისას, გავითვალისწინოთ გარემო. შესაძლოა, საზღვრების ჩაკეტვა დავინახოთ, როგორც ადგილობრივი კვების სისტემების გაძლიერების და სასურსათო დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება. დღეს, ისე, როგორც არასდროს, მოწყვლადი ჯგუფები საჭიროებენ დაცვას. ამის გარდა, უნდა მოიძებნოს გზები, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ მეტი ადამიანის გადასვლა მოწყვლად ჯგუფებში. კვების სისტემების ხელახლა განსაზღვრა გულისხმობს რისკის ქვეშ მყოფ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან დაახლოებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი საკვების წარმოებაზე და ამასთანავე, კრიზისულ პერიოდში სასურსათო სისტემების მდგრადობას უზრუნველყოფენ.

უფრო დიდი გლობალური სასურსათო კრიზისის რისკი აქამდე არ ყოფილა. გლობალური ეკონომიკები პანდემიის შედეგებს უკვე იმკიან. FAO-ზე დაყრდნობით, მდგრადი სასურსათო სისტემების ექსპერტთა საერთაშორისო კოლეგიამ განაცხადა, რომ „ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების შეზღუდვები უკვე ზრდის ზეწოლას ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე და სურსათის სისტემების მდგრადობას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს”. სურსათის დაუცველობის ზრდა ასევე ხელს უწყობს სხვა მასთან დაკავშირებული კრიტიკული მდგომარეობების გაუარესებას, კლიმატის ცვლილებიდან და ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, ეკონომიკური რეცესიით დამთავრებული. ინტენსიური მეურნეობითა და ტყეების ჩეხვით, ჩვენი ამჟამინდელი სამეურნეო ქცევა, პანდემიას ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთქმედების პროვოცირებით კიდევ უფრო აუარესებს, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს, მაშინ, როცა აგროეკოლოგიური მიდგომა ხელს უწყობს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. მიწის მდგრადი მართვა, ექსტენსიური (ინტენსიურის საწინააღმდეგოდ) ცხოველური წარმოება, ტყისა და სხვა ჰაბიტატების დაცვა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

ჩვენ უნდა შევეკითხოთ საკუთარ თავს, თუ რატომ რჩება შიმშილი და არასრულფასოვანი კვება ასეთ ენდემურ, სერიოზულ პრობლემად და რა საფასურს ვიხდით განვითარებულ ჩრდილოეთსა და არასაკმარისად განვითარებულ სამხრეთს შორის გაზრდილი უთანასწორობის გამო.

მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები პანდემიისგან გამოწვეული ყველაზე მწვავე შედეგების შესამცირებლად ემზადებიან. ხელისუფლებებს უკვე ჰქონდათ რეაგირება მიგრანტი სამუშაო ძალების რეგულირებით, ხოლო მთელ მსოფლიოში ხელახლა გაჩნდა ადგილობრივი სურსათის ქსელები, რომლებიც აკავშირებს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს. გაეროს წარმომადგენლები ასევე მონაწილეობენ კოვიდ-19-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში. FAO-მ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გლობალური სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის მხარდასაჭერად ითანამშრომლონ; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD) მცირე მეწარმეების დასახმარებლად და სურსათის კრიზისის თავიდან ასაცილებლად ფონდი დააფუძნა; ხოლო მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) ახორციელებს დაუყონებლივ ინტერვენციებს, რაც გულისხმობს სასურსათო დახმარებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

2021 წლის სასურსათო სისტემების სამიტი იქნება მთავარი შესაძლებლობა იმის ხელახლა განსასაზღვრად, თუ როგორ გვინდა გამოიყურებოდეს სასურსათო სისტემები, რათა ინოვაციური აგროეკოლოგიური პროგრამები საოჯახო მეურნეობების, მათ შორის გლეხების, მკვიდრი მოსახლეობის, მეცხვარეებისა და მეთევზეების პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდეს.

პანდემიით გამოწვეულ სასურსათო კრიზისზე მსოფლიოს რეაგირებით, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ სასურსათო სისტემების მხოლოდ გრძელვადიან აგროეკოლოგიურ გარდაქმნას შეუძლია არსებული სისუსტეების გადალახვა და მოქნილი/მდგრადი საზოგადოების შექმნა, რომელიც ჯანსაღი ეკოსისტემებისა და შეგნებული/ცნობიერი ინდივიდებისაგან შედგება.

თარგმნა ვაკო თევდორაძემ

Cookies on our website allow us to deliver better content by enhancing our understanding of what pages are visited. Data from cookies is stored anonymously and only shared with analytics partners in an anonymised form.

Find out more about our use of cookies in our privacy policy.