პანდემიისთვის მზადმყოფი და შოკისადმი გამძლე საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ფიქრისას საჭიროა მხედველობაში ვიქონიოთ საბაზისო შემოსავალი. დაუცველობამ და გაჭირვებამ, რომელიც COVID-19-ის კრიზისისას შექმნილმა ეკონომიკურმა ვარდნამ განაპირობა, საგანგებო სიტუაციებზე გათვლილი საბაზისო შემოსავლის მოთხოვნა გააჩინა. ეს წინადადება შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა სახის რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის: უმუშევართათვის, შემცირებულ საათებზე მომუშავეთა ან რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის, რომელთაც საფრთხის შემცველ პირობებში უწევთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობათა მიერ მხარდაჭერის გამოცხადება ნაკლებ სავარაუდოა, მუდმივი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის არგუმენტი სულ უფრო ძლიერდება.

უინსტონ ჩერჩილს ხშირად აღიარებენ იმ იდეის მტკიცებისათვის, რომ კარგი კრიზისი არასდროს უნდა გავუშვათ ხელიდან. მართალია, გასაგები მიზეზების გამო, COVID-19-ის პანდემია გვაიძულებს ყურადღება გადაუდებელ, აქ და ახლა განვითარებულ მოვლენებზე მივმართოთ, თუმცა ეს პერიოდი შესაფერისია იმის გასააზრებლადაც, თუ როგორ იმოქმედებს ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა ჩვენს სამომავლო სოციალურ ურთიერთობებსა და სტრუქტურებზე. ცხოვრების სფეროები, რომლებიც დიდხანს ხელუხლებლად გვეჩვენებოდა, მოულოდნელად ეჭვქვეშ დგება, რადგან ამჟამინდელ სისტემებში არსებული სისუსტეები და უთანასწორობა სააშკარაოზე გამოდის. კერძოდ, დაუცველობის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ ზეწოლათა ჩამოყალიბებაში, რომელთა წინაშეც უამრავი ადამიანი დგას, და ძირს უთხრის დაავადების გავრცელების შენელების მცდელობებს სამსახურში დარჩენის ფინანსური აუცილებლობის გამო.

მაისის დასაწყისში მსოფლიოს 88 ქვეყანამ პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში ფულადი დახმარების 130 პროგრამა წარადგინა, რაც კორონავირუსამდე არსებულ ოდენობას თითქმის ორჯერ აღემატება. სქემების უმეტესობა დროებითია და მათი საშუალო ხანგრძლივობა 3 თვეს წარმოადგენს. პროგრამათა დაახლოებით მეოთხედი მხოლოდ ერთჯერად დახმარებას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პროგრამები სამიზნე ჯგუფებად არსებულ დასაქმებულებსა და კეთილდღეობის შეფასების სისტემებით დადგენილ პირებს ირჩევს – საყოველთაო დაფარვის სერიოზული ხარვეზები ადგილზე რჩება. გლობალური პანდემიის პირობებში გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარების ერთ-ერთი უშუალო შედეგი სამოქალაქო, მედიისა და პოლიტიკური მხარდაჭერის უეცარი ზრდაა იმ პროგრამის მიმართ, რომელსაც ჩვეულებრივ საგანგებო საბაზისო შემოსავალს (emergency basic income – EBI) უწოდებენ. თუკი დავაკვირდებით შოტლანდიის პირველი მინისტრის მიერ ამ წინადადების გატარების მიზნით გაკეთებულ განცხადებებს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ფისკალური ძალის დათმობის საჭიროების შესახებ, ან თუკი განვიხილავთ პანევროპულ პეტიციებს, ან თუნდაც მედიის ენთუზიაზმს ესპანეთის მთავრობის მიერ წარდგენილი მინიმალური შემოსავლის შემოთავაზების ირგვლივ (ის სრულ თანხვედრაში არაა საბაზისო შემოსავალთან) აშკარა ხდება, რომ ამ იდეამ ევროპაში პოლიტიკური დებატების ცენტრში გადაინაცვლა.

საგანგებო საბაზისო შემოსავალი: არასრულყოფილი, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

იდეა საკმაოდ მარტივია. მაშინ, როცა სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია სახლში დარჩეს, ინდივიდები და ოჯახები, ისევე როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს ეჯახებიან. მთავრობა პირდაპირი გზით უნდა პასუხობდეს ყველაზე გადაუდებელ გამოწვევას – შემოსავლის დაკარგვას. საგანგებო საბაზისო შემოსავალი (EBI) ასეთი ინსტრუმენტია: ის ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ფულად დახმარებას (არ ხდება შეფერხებები საკვალიფიკაციო შემოწმების გამო), მიმართულია ეკონომიკური კრიზისის პირობებში საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენის დახმარებისკენ (უნივერსალური ანაზღაურებაც კი განსაკუთრებით დიდ გავლენას ყველაზე დაუცველებზე ახდენს) და ხელს უწყობს პანდემიური სოლიდარობის ჩამოყალიბებას ტვირთის გადანაწილების მექანიზმის შეთავაზებით, რომელიც კომპენსაციას სთავაზობს მათ, ვინც სამსახური ან ბიზნესის წარმოების საშუალება დაკარგა; ისევე, როგორც არსებითი მნიშვნელობის სფეროებში დასაქმებულებს, რომლებიც პირადი რისკის ფონზე განაგრძობენ ჩვენს მომსახურებას. წინადადების კრიტიკული უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ სტანდარტულად დასაქმებულ მომუშავეებს, არამედ გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას უწევს თვითდასაქმებულებს, არასტაბილურად დასაქმებულებსა და ზრუნვის პასუხისმგებლობის მქონე პირებსაც, რომლებიც, პარადოქსულად, ხშირ შემთხვევაში „არსებითი მნიშვნელობის მუშაკებად” ითვლებიან.

საჭიროა ვიფიქროთ ისეთ პოლიტიკურ რეაგირებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობასა და პანდემიურ მზადყოფნას.

თუმცა საგანგებო საბაზისო შემოსავლის (EBI) წინადადებას რამდენიმე ნაკლი აქვს. პირველი ისაა, რომ ეს არსებითად დროებითი ღონისძიებაა, რომელიც ჩაკეტვით („ლოქდაუნი“) განპირობებული მძიმე ეკონომიკური ვარდნის პერიოდს მოიცავს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რამდენიმე თვის განმავლობაში გატარებული, მოკლევადიანი პასუხი იქნება. მაგრამ ეკონომიკური ვარდნის ხანგრძლივობის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვევლად რჩება. ეკონომისტების პროგნოზით, COVID-19 გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ყველაზე მწვავე ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანს, ამიტომაც შესაძლებელია მისმა შედეგებმა წლობით გადააჭარბოს თავდაპირველად ნავარაუდებ ვადებს, ეს კი პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ და გაჭირვებულ წევრებზე აისახება. ეს გაურკვევლობა ძირს უთხრის უსაფრთხოების გაძლიერებას, რომელიც საგანგებო საბაზისო შემოსავალმა (EBI) უნდა მოიტანოს – მთავრობათა მხრიდან დახმარების მოკლევადიან ღონისძიებათა ფარგლებში მოქცევის ცდუნება ამცირებს იმის რწმენას, რომ გრძელვადიანი მხარდაჭერა ხელმისაწვდომი იქნება, როცა ამის ყველაზე დიდი საჭიროების წინაშე დავდგებით. გარდა ამისა, როცა ეკონომიკა „ახალ ნორმას“ მოერგება, სხვადასხვა ინდივიდებსა და ჯგუფებს ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებულად მოუწევთ ხანგრძლივ ეფექტებთან გამკლავება. ზოგიერთი მათგანის ცხოვრება შესაძლოა მიუახლოვდეს პირვანდელ ხარისხს, თუმცა უამრავი ადამიანი გრძელვადიან გაჭირვებას შეეჯახება და მხარდაჭერის შეწყვეტისთანავე კლდის პირას აღმოჩნდება.

მეორე უარყოფითი მხარე ისაა, რომ საგანგებო საბაზისო შემოსავლის (EBI) დანერგვის მოწოდებები როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ დაბრკოლებებს აწყდება მაშინ, როცა გადაუდებელი ზომების მიღება აუცილებლობას წარმოადგენს. პოლიტიკური დაბრკოლებები აშკარა და ნაცნობია ყველასთვის, ვინც საბაზისო შემოსავლის იდეას პანდემიის წინა პერიოდშიც იზიარებდა და იცავდა. იმ დროსაც კი, როცა მშრომელებს საათების შემცირებას ან სამსახურზე უარის თქმას აიძულებენ, პოლიტიკოსთა პასუხი უპირობო მხარდაჭერის საკითხზე „ფულის უმიზეზო გაცემის“ წინააღმდეგ მიმართული გაუაზრებელი ქმედებებია, რომლებიც უკვე არსებულ პროგრამებზე დაყრდნობისკენ მოგვიწოდებს განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უმკლავდება ეს პროგრამები ამჟამინდელი კრიზისული გარემოს გამოწვევებს. არსებობს პრაქტიკული დაბრკოლებებიც, რომლებიც ხელს უშლის საგანგებო საბაზისო შემოსავლის (EBI) დაუყოვნებლივ დანერგვას. ბევრ ქვეყანაში უკლებლივ ყველა ადამიანის რეესტრში მოხვედრისა და შესაბამისად, თითოეული მათგანისათვის დახმარების გადაცემის უზრუნველყოფა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიუროკრატიული ქმედუნარიანობა მძიმე სტრესის ქვეშ იმყოფება. იგივე ეხება საგანგებო საბაზისო შემოსავლის (EBI) მიწოდების მექანიზმსაც თუკი გავითვალისწინებთ, რომ საოცრად დიდია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც არ ფლობენ საბანკო ანგარიშებსა ან მუდმივ საცხოვრებელს. ეს არის პრაქტიკული დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც დროთა განმავლობაში შესაძლებელია, თუმცა COVID-19-ის პანდემიის შუაგულში დრო განსაკუთრებით ღირებულია.

მოკლედ რომ ვთქვათ, საგანგებო საბაზისო შემოსავალი (EBI) კარგი იდეაა და პოტენციურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს პანდემიურ მდგომარეობაზე ყოვლისმომცველი პოლიტიკური რეაგირებისთვის, მაგრამ ახლა ბევრ იურისდიქციაში მისი შემოღება ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა, წუთით შევეცადოთ სამომავლო სურათზეც დავფიქრდეთ. COVID-19 მსოფლიოს მოულოდნელად დაატყდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგები და სხვა სპეციალისტები მრავალი წლის განმავლობაში გვაფრთხილებდნენ პანდემიის სცენარის განვითარების შესაძლებლობისა და მისი დამანგრეველი სოციალური და ეკონომიკური შედეგების შესახებ. დიდწილად გარემოსთან დამანგრეველი ურთიერთობისა და მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოებრივი ორგანიზების გამო, იგივე სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ COVID-19 პირველია მოსალოდნელი ვირუსული ეპიდემიების გრძელ რიგში და სინამდვილეში, თუკი მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომსა (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS) გავიხსენებთ, ის პირველიც კი არაა. მზადყოფნისათვის მომავალზე ფიქრი და იმის გააზრება გვმართებს, რომ დღევანდელის მსგავსი ეკონომიკური შოკის განმეორება მოსალოდნელია – შესაძლოა იმაზე ადრე ვიდრე ველით და შესაძლოა კიდევ უფრო მომაკვდინებელი და დამანგრეველი დაავადების სახით. შესაბამისად, საჭიროა ვიფიქროთ ისეთ პოლიტიკურ რეაგირებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობასა და პანდემიურ მზადყოფნას. მდგრადობა ვირუსული პანდემიის მოულოდნელ შოკზე საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობის შენარჩუნებას გულისხმობს. მდგრადი პოლიტიკური კურსი პანდემიური კრიზისის დროს ადამიანის გადაუდებელ საჭიროებათა დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და მთავარ სოციალურ ღირებულებებს – თანაგრძნობას, სამართლიანობასა და სოლიდარობას ასახავს.

საბაზისო შემოსავალი, როგორც მდგრადობისა და მზაობის ინსტრუმენტი

საბაზისო შემოსავალი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის, როგორც პანდემიური მზადყოფნის პოლიტიკის ნაწილის, განვითარების პროცესში. საბაზისო შემოსავალი და პანდემიური მზადყოფნა შეგვიძლია ორი სახით წარმოვიდგინოთ. პირველი გზა, რომლის საშუალებითაც შეიძლება საზოგადოება უფრო გამძლე გახდეს, EBI–ს მოქმედებაში მოყვანის მზაობაა მაშინვე, როგორც კი სიტუაცია ამას მოითხოვს. ეს კი საჭირო პოლიტიკური დებატების არა მომდევნო კრიზისის დროს, არამედ ახლავე წარმართვას გულისხმობს. ამჟამინდელი კრიზისის გამოცდილება ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსები და სხვა საკვანძო დაინტერესებული მხარეები ძალზედ კარგად გრძნობენ ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამის აუცილებლობას. შესაბამისად, შესაძლოა EBI–ს ღირსებები წინასწარ განიხილოს და კენჭი ეყაროს კანონპროექტსაც, რომელიც პანდემიურ კონტექსტში მის ამოქმედებას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში EBI–ს დაუყოვნებლივი ძალაში შესვლისთვის საზოგადოების მომზადების პრაქტიკული ასპექტებიც შესაძლებელია ანალოგიურად, წინასწარ მოგვარდეს შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღებით იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს ღონისძიება სამუშაო ძალის შემცირების დროს.

თუმცა გასათვალისწინებელია უფრო ძლიერი სტრატეგიაც. საზოგადოების პანდემიისთვის მომზადების საუკეთესო გზა სათანადო, მუდმივი საბაზისო შემოსავლის დაწესებაა: ესაა ყოველთვიური მცირე ფულადი გრანტი, რომელიც თითოელ ინდივიდზე, ყოველგვარი განსაკუთრებული პირობის გარეშე გაიცემა. სათანადო საბაზისო შემოსავლის არსებობა კრიზისის პირობებში დამატებითი პოლიტიკური დებატებისა და სპეციალური ზომების ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისთვის გზების ძიების საჭიროებას აქრობს. მართალია, რომ შესაძლებელია პროცესის დაწყება დაბალი საბაზისო შემოსავლის გრანტით მოგვიწიოს, რომელსაც პანდემიური კრიზისის პირობებში გაცილებით მაღალ დონეზე აყვანა დასჭირდება, თუმცა ეს მხოლოდ დაფინანსების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, ხოლო თავად ინსტრუმენტი უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამ სტრატეგიის რეალურ მაგალითს ბრაზილიაში ვხვდებით. 2020 წლის დასაწყისში რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად მდებარე მარიკას მუნიციპალიტეტს უკვე დაწესებული ჰქონდა მცირე საბაზისო შემოსავალი, რომელიც ყოველთვიურად 130 რეალს (თითქმის 21 ევროს) უხდიდა დაახლოებით 42 000 მაცხოვრებელს – ამ სქემას საყოველთაოს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ის მოსახლეობის 25%-ს ფარავს და საბაზისო შემოსავლის იდეალთან მჭიდრო დაახლოებისთვის დროთა განმავლობაში მისი გაფართოებაც იგეგმება. COVID-19-ის შემოსვლისთანავე მარიკა არსებული საბაზისო შემოსავლის სქემას დაეყრდნო და ახლა, პანდემიის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ფარგლებში, იმავე პირებს 300 რეალს (თითქმის 50 ევროს) გადასცემს. მარიკას გამოცდილება მნიშვნელოვან მაგალითს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია უკვე არსებული სქემების მეშვეობით რეალურ დროში, საგანგებო სიტუაციებზე სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება.

გაზრდილი ნდობა და სოლიდარობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამჟამად პოპულიზმით, პოლარიზაციითა და პარტიულობით გაჟღენთილ პოლიტიკურ სისტემებში მდგრადობის შეტანისა და განმტკიცების თვალსაზრისით.

საბაზისო შემოსავლის არსებობა მდგრადობას სხვა მრავალი გზითაც უზრუნველყოფს. ეკონომიკური უსაფრთხოების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე უკვე კარგად არის დოკუმენტირებული და პანდემიის კრიზისის დამატებითი სტრესის პირობებში მისი მნიშვნელობა მოსალოდნელია კიდევ უფრო გაიზარდოს. გარანტირებული შემოსავლის ქვედა ზღვრის არსებობა და მისი გამოცდილება ინდივიდებსა და ოჯახებს საშუალებას მისცემს გაცილებით უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ პანდემიურ კრიზისს – მათ შორის გაჭიანურებული ჩაკეტვის („ლოქდაუნის“) შეზღუდვებს – და ნაკლებად იდარდონ თავიანთ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტირებული ქვედა ზღვრის შენარჩუნების მოლოდინი მნიშვნელოვან დადებით გავლენას იქონიებს სტრესსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როგორც პანდემიის საწყის პერიოდში, ისე კრიზისული მდგომარეობის განმავლობაში. ეკონომიკური უსაფრთხოების ქვედა ზღვრის არსებობა ნდობისა და სოლიდარობის გაზრდის გზით ხელს შეუწყობს სოციალურ ურთიერთობებსაც, რაც საზოგადოებრივ დონეზე პანდემიასთან გამკლავებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გაზრდილი ნდობა და სოლიდარობა გადამწყეტ როლს ითამაშებს ამჟამად პოპულიზმით, პოლარიზაციითა და პარტიულობით გაჟღენთილ პოლიტიკურ სისტემებში მდგრადობის შეტანისა და განმტკიცების თვალსაზრისით.

დღეს, COVID-19-ის პერიოდში, მსოფლიოს მრავალი მთავრობა მოკლევადიანი ფულადი დახმარების სქემებს იყენებს, რომლებიც ძირითადად დასაქმებულებზეა გათვლილი და ვერ ფარავს თვითდასაქმებულთა და არასტაბილურად დასაქმებულთა ინტერესებს. ეს მოკლევადიანი, შეზღუდული ამოცანების მქონე მიდგომები ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან მდგრადობასა და უსაფრთხოებას, რომლის შემოთავაზებაც საბაზისო შემოსავალს შეუძლია, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის საბაზისო შემოსავლის იდეის წინ წამოსაწევად. მთავრობებმა საჭიროა შექმნან პირობები, რომლებიც არსებულ კრიზისში არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ ძლიერ საზოგადოებათა ჩამოყალიბებისა და განვითარების საშუალებას მოგვცემს. მუდმივი საბაზისო შემოსავლის არგუმენტის შემუშავებით ვქმნით საფუძველს, რომელიც მომავალი პანდემიებისთვის ჩვენს მზადყოფნას უზრუნველყოფს.